სამხარაძე – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: ვისაუბრებთ საფრთხეებზე, რომლებიც ოკუპაციისგან მომდინარეობს; სამწუხაროდ, იმაზეც, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვერ ახერხებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას

პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნა.

ღონისძიების თემატიკა მშვიდობისა და დემოკრატიის შენარჩუნებაა. სესიის ფარგლებში დელეგაციების ხელმძღვანელებს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა, სადაც პროცედურული საკითხები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განსახილველ საკითხებზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„დღეს გაიხსნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ქალაქ პორტოში. როგორც წესი, ასამბლეა იხსნება-ხოლმე მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრით, რომელზეც დელეგაციის ხელმძღვანელები არიან წარმოდგენილნი. მე მივიღე ამ შეხვედრაში მონაწილეობა. ამ სხდომაზე ნაკლებად იყო პოლიტიკური საკითხების განხილვა, უფრო მეტად საორგანიზაციო თემატიკას დაეთმო, ხვალიდან იწყება კომიტეტის სხდომები.

საქართველოს დელეგაციას განზრახული აქვს, რომ თითოეულ კომიტეტის სხდომაზე გამოვიდეს სიტყვით და მიიღოს დებატებში მონაწილეობა, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველების უფლებების დარღვევაზე. ასევე, ვისაუბრებთ იმ საფრთხეებზე, რომელიც ოკუპაციისგან მომდინარეობს. სამწუხაროდ, იმაზეც, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვერ ახერხებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას, მიუხედავად იმისა, რომ 17 წელია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჩვენ ვისაუბრებთ ასევე იმ პროგრესზე, რომელიც არის ქვეყანაში როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მიმართულებით. გვექნება საუბარი ასევე, ადამიანის უფლებების და ზოგადად, დემოკრატიის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ რამდენიმე ადამიანს ჯო უილსონის მეთაურობით, საერთოდ სურდათ, რომ ჩვენ არ დავსწრებოდით ამ ღონისძიებას, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვართ და ვესწრებით და სრულუფლებიანი წევრები ვართ ამ ორგანიზაციის. შესაბამისად, ალბათ, კონკრეტული დაინტერესებული პირების მხრიდან, რომელთაც სხვადასხვა ინტერესი ამოძრავებთ, მათ შორის, პოლიტიკური და ფინანსური და შესაძლოა, მათი მხრიდან იყოს კრიტიკა, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ – ეს კრიტიკა ყოველთვის უსამართლოა, თუმცა ჩვენი დელეგაცია სრული მობილიზებითაა აქ წარმოდგენილი და ყველანაირ დაუსაბუთებელ და უსამართლო კრიტიკას დავუპირისპირებთ ფაქტებსა და იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არის“, – განაცხადა სამხარაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას წელს პორტუგალია მასპინძლობს და ის 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები