დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: საკუთარი ხელით თვითონ გაითხარეს პოლიტიკური სამარე, აგენტის ხვედრი ასეთია, როდესაც შენ საკუთარ თავს არ ეკუთვნი, ასრულებ შენი პატრონის ნება-სურვილს
საკუთარი ხელით თვითონ გაითხარეს პოლიტიკური სამარე და მეორე მხრივ, აგენტის ხვედრი ასეთია, როდესაც შენ საკუთარ თავს არ ეკუთვნი, ასრულებ შენი პატრონის ნება-სურვილს, – ამის შესახებ პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ალეკო ელისაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან მძიმე მარცხი ელოდება იმ საზოგადოებისგან, რომელიც საარჩევნო უბნებთან გადაწყვეტილებას იღებს.
„მთელი კამპანია, დაწყებული ქართველი რადიკალებიდან, დასრულებული მათი პატრონებისა და პარტნიორებისა ქვეყნის ფარგლებს გარედან, იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და მცდელობა საქართველო, ქართველობა, ჩვენი მოსახლეობა ჩაბმულიყო იმ ურთულეს პროცესებში, რაც გარკვეულ ნეგატიური გლობალური ძალებისთვის იყო სასურველი და არა ქართველი ხალხისთვის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს.