ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განვსაზღვროთ აგრარული განათლება, ამისთვის დაგვჭირდება შესაბამისი რესურსების გაძლიერება
ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განვსაზღვროთ სწორედ აგრარული განათლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში დეპუტატ გელა სამხარაულის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კომპლექსური საუნივერსიტეტო რეფორმის ინიციატივა რეგიონულ უნივერსიტეტებსაც მოიცავს.
„საქართველოში მოქმედებდა საკმაოდ დიდი მასშტაბის აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაასხვისა სხვა სტრატეგიულ ობიექტებთან ერთად და აგრარულ განათლებას მინიმალური ყურადღება ექცეოდა, თუ საერთოდ ექცეოდა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით რთული მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განვსაზღვროთ სწორედ აგრარული განათლება. ეს შეეხება იგივე თელავის უნივერსიტეტს, ისე სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებს. ამისთვის დაგვჭირდება შესაბამისი რესურსების გაძლიერება, შეიძლება დაგვჭირდეს მჭიდრო თანამშრომლობა უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ მიმართულებით გეგმას დეტალურად წარმოგიდგენთ მოგვიანებით, როდესაც გაგაცნობთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.