„გრიგორი კარასინი საქართველოს ღიად დაემუქრა“

აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული დოკუმენტის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული შეფასების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს დაემუქრა,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ლაგაზიძის განმარტებით, კარასინის განცხადებაში ძალიან საშიში ნოტა გაჟღერდა, კერძოდ, ერთი ფრაზა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ იგივე რიტორიკით საუბარი დაიწყო, როგორი რიტორიკაც ძველ ხელისუფლებას 2007-2008 წლებში ჰქონდა. მისი განცხადებით, კარასინის სიტყვები არის პირდაპირი მუქარა საქართველოს მიმართ.
„კარასინის ფრაზა არის პირდაპირი მუქარა საქართველოს მიმართ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს გვახსენებს და პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთ – რუსეთის დოკუმენტის მსგავს შეფასებებს გააგრძელებს, გავიხსენოთ შედეგი, რომელიც დადგა 2008 წლის აგვისტოშიო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის რეალურ მიზნებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ მშვიდ ტონალობასა და რიტორიკას იყენებდა და მაქსიმუმს აკეთებდა, რომ დაძაბულობა და კონფლიქტური ნიადაგი რუსეთთან მიმართებაში განეიტრალებულიყო. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ფრაზა რუსეთთან ურთიერთობის ერთგვარ ახალ ათვლის წერტილად უნდა აიღოს“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ექსპერტის შეფასებით, ძალიან სასიხარულოა, რომ ამ დოკუმენტზე აფხაზეთის საზოგადოების რეაქცია არის ძალიან სწორი და რეალისტური, და რომ ისინი ამ ხელშეკრულებას 25 წლის ნალოლიავები იდეის საბოლოო დასამარებად აღიქვამენ. მისი თქმით, აფხაზმა მოქალაქეებმა ეს აღიქვეს, როგორც რუსეთის მხრიდან მათი გადაყლაპვის ფაქტი და ამაში, როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო პოლიტიკური ელიტა ერთიანია.
„ ბოლო დღეებმა საბოლოოდ დაუდასტურა აფხაზებს, რომ ისეთ საქართველოსთან ურთიერთობა, რომელიც იხელმძღვანელებს ევროკავშირის პრინციპებით, ერთა თანაარსებობის იმ პრინციპით, რომელიც ყველაზე დემოკრატიული და ლიბერალურია, აფხაზი ერის არსებობის გაგრძელებისა და აფხაზების მაქსიმალური სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტია. რუსი ამის გარანტიად ვერ გამოდგება. რუსს ყველა ერთან თუ ეთნოსთან ურთიერთობაში ერთი მიზანი აქვს, ბოლომდე წაშალოს და გადაყლაპოს ყველანაირი ეთნიკური თავისებურებები. ეს დოკუმენტი შეიძლება თავად აფხაზებისთვის გამოფხიზლების წერტილად იქცეს. ეს დოკუმენტი მთლიანობაში ლამის ყირიმის შეერთების ტოლფასია“,- აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები