მაკა ბოჭორიშვილი: ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო სამ კანდიდატ ქვეყანას შორის იყო მოწინავე, ეს იყო ფაქტი, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ოპონენტების მხრიდან საჭირო იყო აღქმის შექმნა, რომ ეს ასე არ არის

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბოლო წლებში ოპოზიციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული და კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანსაც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება, მისი ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დისკრედიტაცია და ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენდა. მისი თქმით, კამპანია ფოკუსირებული იყო საქართველოს პოზიციონირებაზე „მაჩანჩალა ქვეყნად“, თითქოსდა საქართველო არ იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ამ კამპანიაში სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდიოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც პროცესს აკადემიური შეფუთვა მისცეს და მედია, განსაკუთრებით ტელეკომპანია „ფორმულა“ , რომელიც დეზინფორმაციული შინაარსის ტრანსლირებას ახდენდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე აუდიტორიაზე.

მინისტრის თქმით, ეს სამი ჯგუფი გაერთიანდა იმისთვის, რომ შეექმნათ აღქმა, თითქოს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

„ყველამ კარგად იცის რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა დაფუძნებული არის გარკვეულ მიღწევებზე, და ყველამ კარგად იცის რომ საქართველო იმ სამ კანდიდატ ქვეყანას შორის იყო მოწინავე, ეს იყო ფაქტი, რომელსაც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ საჭირო იყო აღქმის შექმნა, რომ ეს ასე არ არის. თუ გახსოვთ კამპანია საქართველო არის მაჩანჩალა, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებდნენ ლელოს პოლიტიკოსები, პარლამენტში არაერთხელ გაჟღერებულა, ყველას კარგად გახსოვთ, ძალიან ხშირად საუბრობდნენ რომ საქართველო არის მაჩანჩალა, რომ რაღაცნაირად გამჯდარიყო საზოგადოებაში, რომ თითქოს საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, ანუ საქართველოს არ აქვს მიღწევები“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიციამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაც პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებად იქცა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო უკიდურესად აგრესიული და ყოველგვარ არგუმენტს მოკლებული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის, როგორც „შავი ხვრელის“ წარმოჩენა ევროპულ სივრცეში.

„ეს იყო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამალებული კამპანია, რომელიც მიდიოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ საქართველო წარმოჩენილიყო შავ ხვრელად. თქვენ გახსოვთ უსამართლო წერილები, რომელიც ტრიალებდა, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს რაღაც არასწორად კეთდებოდა საქართველოში. თუმცა არანაირი ამის მტკიცებულება თუ საფუძველი არ ყოფილა. ქართველი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, მე მახსოვს ნაცვლიშვილის ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე რამდენჯერ იხმარა სიტყვა შავი ხვრელი, რომ კარგად გასულიყო რომ ეს თემა“. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამ კამპანიამ ზიანი მიაყენა საქართველოს ზუსტად იმ პერიოდში როდესაც ის კანდიდატის სტატუს ელოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო „კარდაკარ“ არწმუნებდა პარტნიორებს, რომ სამეულიდან საქართველოს გამოტოვება არასწორი გზავნილი იქნებოდა გარე სამყაროსთვის. თუმცა მძლავრი დეზინფორმაციული წნეხი მაინც აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაზე – საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან გეოპოლიტიკურ შეცდომად შეაფასა.

„მე ვუხსნიდი ჩემს კოლეგებს, რომ ამით ვერ მიიღებდნენ იმ შედეგს, რა შედეგის მიღებაც სურდათ მათ და გამოჩნდებოდა გეოპოლიტიკური შეცდომა ევროპის მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა ეს აზრი მაშინ არ იყო გათვალისწინებული იმდენად დიადად ჩანდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მიზანი და სურვილი“ – განაცხადა მინისტრმა.

კომისიის სხდომაზე, მინისტრმა ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების მაგალითად ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის სესია მოიყვანა. სადაც შესაძლებელი იყო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზავნილად იქცეოდა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მიუხედავად მცდელობებისა, აღნიშნულ ინიციატივას საკმარისი მხარდაჭერა არ მოჰყოლია – და ეს უპირველეს ყოვლისა ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებს უკავშირდება.

„არ შემიძლია არ გავიხსენო ქართულად ოცნებას მაშინ გყავდა მხოლოდ და მხოლოდ ხუთი დეპუტატი დელეგაციაში ეს არ იყო საკმარისი იმისთვის რომ რეზოლუციის ინიცირება გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები, ესენი იყვნენ ვაშაძე, წითლიძე, როგორც მახსოვს, ბოტკოველი და კორძაია. ორ დღიანი თხოვნისა და შეთავაზების მიუხედავად, მათ ეს არ გააკეთეს, ევრონესტის შეხვედრა დასრულდა იმ რეზოლუციის გარეშე, რომელიც ევროპარლამენტთან ერთად კიდევ ერთხელ იტყოდა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები