თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: შესაბამისი უწყებები პერსონალურ ინფორმაციას იმგვარად ვერ მოეპყრობიან, რომ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს სცდებოდეს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას მიერ ორგანიზაციის არქივის განადგურების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები პერსონალურ ინფორმაციას იმგვარად ვერ მოეპყრობიან, რომ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს სცდებოდეს.
„ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია, ვინაიდან როგორც კანონმდებლობა, ისე შესაბამისი უწყებები, ბუნებრივია, არ და ვერ მოეპყრობიან პერსონალურ ინფორმაციას იმგვარად, რომელიც შეიძლება, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს სცდებოდეს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.