ჩრდილების თეატრი გასტროლებით ინდონეზიაში მიემგზავრება

საქართველოს “ჩრდილების თეატრი” 18-19 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ინდონეზიაში „სალიჰარას“ საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 13 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, სამხრეთ ჯაკარტაში მდებარე სალიჰარას ხელოვნების ცენტრი უკვე მეხუთედ გრანდიოზულ საერთაშორისო ფესტივალს მმასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში ცეკვის, თეატრალური წარმოდგენების, ჯაზ-კონცერტების, ლიტერატურული კითხვისა და განხილვების, გამოფენების, კინოჩვენებებისა და ვორქშოფების სახით ასამდე ღონისძიება იგეგმება. წელს, ამ ფესტივალში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობს ჩრდილების სახელმწიფო თეატრი, რომელიც უცხოელი მაყურებლის წინაშე სალიჰარას თეატრში ორი სპექტაკლით წარდგება. უცხოელი მაყურებელი იხილავს სპექტაკლებს: „წელიწადის ოთხი დრო,“ და „რა საოცარი დღეა?!“ ასევე, დაგეგმილია მასტერკლასები ჯაკარტას უნივერსიტეტში და სკოლებში, ქალაგ ჯოგუასა და კუნძულ ბალიზე.
ჩრდილების სახელმწიფო თეატრი ინდონეზიაში საქართველოს ელჩის, ზურაბ ალექსიძის თხოვნით, ასევე მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის დღეებში, რომლის ფარგლებშიც მსახიობები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორს გააჟღერებენ.
ინდონეზიიდან დასი ტაილანდში, ბანკოგში გაემგზავრება, სადაც 1-10 ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური თოჯინების კარნავალი გაიმართება. ფესტივალში მსოფლიოს მასშტაბით 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, შვეიცარია, დანია, ამერიკა, უკრაინა…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები