ევროკომისარი იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას შთამბეჭდავს უწოდებს

აღნიშნული შეფასება ევროკომისარმა საშინაო საკითხებში სესილია მალმსტრომმა ბრიუსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრისას გააკეთა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ევროკომისარმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს იმ რეფორმებისა და ძალისხმევისთვის, რომლებიც პირადად მან და იუსტიციის სამინისტრომ ვიზალიბერალიზაციის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისთვის განახორციელა. ევროკომისრის გაცხადებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მიგრაციის საკითხების მოწესრიგებისთვის შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები და უსაფრთხო დოკუმენტების დანერგვისთვის განხორციელებული ღონისძიებები.
მინისტრისა და ევროკომისრის შეხვედრაზე გამოითქვა ვარაუდი, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება და საქართველო მეორე ფაზის განხორციელებას დაიწყებს.
თავის მხრივ, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სესილია მალმსტრომსა და მის კაბინეტს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ სხვებს შორის მისმა ძალისხმევამ საქართველოს მთავრობას მისცა შესაძლებლობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. სესილია მალმსტრომი საშინაო საკითხებში ევროკომისრის მოვალეობას ოქტომბრის ბოლომდე შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები