გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური ზრდა წელსაც მაღალი იქნება – დღევანდელი მოცემულობა აჩვენებს ოპოზიციურად განწყობილი საექსპერტო საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის პოლიტიკის კრიტიკის ტენდენციურ და კონიუნქტურულ ხასიათს

ეკონომიკური ზრდის ეფექტი სწორედ დაბალი ინფლაციის, სტაბილური და პროგნოზირებადი გაცვლითი სავალუტო კურსის პირობებში მიიღწევა, რაც სებ-ს საშუალებას აძლევს დაწიოს მონეტარული განაკვეთი და ამით ხელი შეუწყოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დატოვა, ეკონომიკური ზრდა წელსაც მაღალი იქნება.

„მიმაჩნია, რომ დღეს პარლამენტში სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას გამოსვლის თემატიკიდან უნდა გამოიყოს ინფლაცია და ლარის გაცვლითი კურსის შეფასება ბოლო ორი წლის მანძილზე.

საექსპერტო დონეზე, სებ-ის პოლიტიკის შეფასებისას, ეს განვლილი ორი წელი, უპირველესად, მაღალი ინფლაციური რისკების გარემოშია განსახილველი. გლობალური ბაზრების ფაქტორის გარდა, შიდა პოლიტიკური ფაქტორის ზეგავლენაც მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ეს გასულ წელზე ითქმის, როდესაც ლარზე დაწოლა პროვოცირებული იყო გაზაფხულზე და შემოდგომაზე დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების არაღიარებიდან და დესტრუქციიდან გამომდინარე.

ბუნებრივია, პროცესებზე ზეგავლენას ახდენდა საერთაშორისო აქტიორთა ჩართულობაც, ევროპარლამენტართა, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნების ელჩების თუ აშშ-ის ცალკეულ კონგრესმენთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კრიტიკული და რა დასამალია ტენდენციური შეფასებების გამო, რადგან ინფორმაციულ ეპოქაში ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, მათ შორის ინვესტორებისათვის.

მიმაჩნია, რომ გასული წლის ბოლოს სებ-ის მხრიდან 600 მილიონ აშშ დოლარის ინტერვენცია, რასაც არაერთი კრიტიკოსი ჰყავდა, მათგან განსხვავებით იყო ამ რისკების სწორი შეფასების და დროული დაზღვევის კარგი მაგალითი. როდესაც დღეს ვსაუბრობთ სტაბილურ მაკრო გარემოზე და მაღალი ზრდის ხელშემწყობ მაკრო ფაქტორებზე, სწორედ სავალუტო ბაზრის აჟიოტაჟის დროულად ჩაცხრობამ მოიტანა. აქვე აღვნიშნავ, რომ დააზღვია პოლიტიკური არასტაბილურობის რისკიც, რადგან სავალუტო კურსის რყევები ნეგატიურად აისახებოდა როგორც ინფლაციაზე, ასევე მაკრო ფაქტორებზე და ეკონომიკაზე მთლიანად და თუნდაც დღეს სულ სხვა სურათის მხილველი ვიქნებოდით.

ეკონომიკური ზრდის ეფექტი სწორედ დაბალი ინფლაციის, სტაბილური და პროგნოზირებადი გაცვლითი სავალუტო კურსის პირობებში მიიღწევა, რაც სებ-ს საშუალებას აძლევს დაწიოს მონეტარული განაკვეთი და ამით ხელი შეუწყოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რასაც ჩვენ თვალს მივადევნებთ კიდეც.

ყველა წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გაზარდა ზრდის პროგნოზი, ხოლო სავალუტო ფონდმა მნიშვნელოვნად, 6 %-დან 7,3 %-მდე გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის სუვერენული რეიტინგი სარეიტინგო სააგენტოებმა იგივე, სტაბილურ დონეზე დატოვა, ეკონომიკური ზრდა წელსაც მაღალი იქნება.

დღეს, როდესაც სახეზეა სტაბილურობა სავალუტო ბაზარზე, რამაც საშუალება მისცა სებ-ს გაეზარდა სავალუტო რეზერვები, რაც მაისის მდგომარეობით არის 4.6 მლრდ აშშ დოლარი და ნელ-ნელა უახლოვდება ინტერვენციების დაწყების მაჩვენებელს – 4.8 მლრდ აშშ დოლარს. ეს კი ნიშნავს, რომ აღნიშნულმა მონაცემმა გასული წლის წმინდა გაყიდვები სრულად დააბალანსა, რაც სამართლიანად აღინიშნა კიდეც სებ-ის პრეზიდენტის გამოსვლისას.

რაც მთავარია, დღევანდელი მოცემულობა აჩვენებს ოპოზიციურად განწყობილი საექსპერტო საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის პოლიტიკის კრიტიკის ტენდენციურ და კონიუნქტურულ ხასიათს, რეზერვების კატასტროფულ 3 მილიარდ დოლარამდე შემცირებას და ეკონომიკის მკვეთრ ვარდნას რომ პროგნოზირებდნენ“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები