პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინის“ შემცველ სითხეს და „კოკაინს“ ფხვნილის სახით. ასევე, უკანონოდ მოჰყავდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“. დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამის“ მეშვეობით ეწეოდნენ. ბრალდებულები თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ახდენდნენ „თხევადი კოკაინის“ კუსტარული წესით დაკრისტალებას, აგრეთვე „მცენარე კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანას და რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ელექტრო სასწორები და სხვა ნივთები.
დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახით 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ბრალდება დამატებით 265-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირება), რაც სასჯელის სახით 6-დან 12 წლამდე თ/აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით”,- წერია ინფორმაციაში.