ირაკლი ლექვინაძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში (Tbilisi RFSD) მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის სესიის ფარგლებში – „შრომის ბაზრის განვითარება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა”, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

„თბილისის ფორუმი, რომელიც ტარდება სახელწოდებით „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში”, წარმოადგენს ეფექტურ პლატფორმას დებატების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებისათვის, ასევე ქალაქებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად,” – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მიიღო. მისი თქმით, სააგენტომ აღნიშნული პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მოქმედების სტანდარტები ჩამოაყალიბა, რომელთა მიზანია ბაზარზე მოვაჭრეების ქცევის გაუმჯობესება და მომხმარებელთა უფლებრივი გარანტიების გაძლიერება.

„დღეს მომხმარებელს უკვე აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტო არ არის – მათ შეუძლიათ მოგვმართონ და დაიცვან საკუთარი უფლებები. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში შემოსული განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2024 წელს სააგენტომ დაამტკიცა 10 სამოქმედო სტანდარტი, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფასდაკლებების მართვას, მომხმარებლის ინფორმირებულობას, კვების ობიექტებში ფასების გამჭვირვალობას, სერვისის ქართულ ენაზე მიწოდებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნესთან, ისე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა არაკეთილსინდისიერი ქმედებების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა. მომხმარებელთა უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს დაცული და გარანტირებული,” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ფორუმი ოფიციალურად გახსნეს და მონაწილეებს მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები