ლაშა ხუციშვილი: დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით ძალიან დადებითი შეფასება აქვს

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით ძალიან დადებითი შეფასება აქვს”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

,,ეს გამოიხატა იმაში, რომ ფონდმა გაზარდა საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-დან 7,2%-მდე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადასტურდა ყველა ის ფისკალური პარამეტრი, რომელზეც ჩვენ მიმდინარე წელს ვსაუბრობდით – ბიუჯეტის დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც ნარჩუნდება 2,4 – 2,5%-ის ფარგლებში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით; საგარეო ვალის დაბალი ნიშნული და უსაფრთხო დონეზე და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, რაც არის დაახლოებით 34-36%-ის ფარგლებში მიმდინარე და მომდევნო წლებში; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ძალიან გაუმჯობესებული მაჩვენებელი; ინფლაციის დონე, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელთან ძალიან ახლოს არის და ამ მიმართულებითაც რისკები ფაქტობრივად არ არსებობს.

ყველა ის ფისკალური პარამეტრი, რასაც ეკონომიკური აქტივობა და მისი შეფასება განსაზღვრავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან ასეთი ტიპის შეფასებების მოსმენა, რომელიც უკვე აისახა მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ მდგრადი ყოველგვარი შოკების მიმართ და იმ გაურკვევლობების მიმართ, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაში დღესდღეობით გვხვდება და ცალსახად აღინიშნა, რომ ის ბუფერები და რეზერვები, რომლებიც შექმნილია უკვე საქართველოს მიერ არის სრულად საკმარისი ყველანაირ გამოწვევაზე პასუხის გასაცემად“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები