თენგიზ შარმანაშვილი – სამწუხაროდ, რობინ დანიგანს საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს

„სამწუხაროდ, რობინ დანიგანს საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ბოლოს გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილის არგამოქვეყნება, რომელიც თვითონვე პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რამ უბიძგა რობინ დანიგანს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებისკენ, ეს იცის თავად მან და აშშ-ის ხელისუფლებამ.

„პირველ რიგში, როგორც ყოფილი დიპლომატი, ჩემს კოლეგას, ელჩს სასიამოვნო პენსიას და მომავალში თავისი გეგმების განხორციელებას ვუსურვებ. ელჩის მთავარი მოვალეობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაა და თუ რამე გაუგებრობა არსებობს, მან უნდა იზრუნოს, რომ ეს გაუგებრობები აღმოიფხვრას, ურთიერთობები სხვა ხარისხში გადავიდეს. სამწუხაროდ, დანიგანმა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ვერ გამოიყენა. მან აქტიური ელჩის შთაბეჭდილება არ დატოვა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ბოლოს გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილის არგამოქვეყნება, რომელიც თვითონვე პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა. ეს ხომ დაძაბული ურთიერთობების განმუხტვისაკენ იყო მიმართული? ამიტომ გულდასაწყვეტია. ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ რამ უბიძგა, ეს თავისი ქვეყნის ხელისუფლებამ და თავად იცის.

ეს არის ელჩის მოვალეობა, თორემ ურთიერთობების გაფუჭებას ელჩის თანამდებობა არ სჭირდება. ველოდები, რომ მომავალი ელჩი მიიღებს დავალებას, ორ ქვეყანას შორის არსებული გაუგებრობები აღმოფხვრას, ელჩი ამ ურთიერთობებში მხოლოდ პირად აზრს არ გამოხატავს. ერთი ელჩი მეორისგან იმით განსხვავდება, რამდენად შემართებით და ნიჭიერად აკეთებს იმ დავალებას, რომელიც თავისი ხელისუფლებისგან აქვს მიღებული. ფაქტი იყო, რომ მას წინა ადმინისტრაციის დავალება ჰქონდა გამოყოლილი და როგორც ჩანს, დღემდე მაგ ხაზს ასრულებდა – სხვა ახსნა ამას არ აქვს. შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ის ადამიანი უნდა დაინიშნოს, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებში ახალ ხაზს გაატარებს. ფაქტი ერთია – თუ ასე იქცევი და შენი ხელისუფლება არაფერს გეუბნება, ერთხელ თუ მოიქეცი და შეცდომა დაუშვი, შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებიდან მიგითითებენ, რომ მეორედ ასე არ გააკეთო, მაგრამ როცა თვეების განმავლობაში ამას აკეთებ და მიმთითებელი არავინ გყავს, მაშინ შეგიძლია დაასკვნა, რომ ეს დავალება იქიდან არის მიღებული. როგორც ჩანს, ეს დავალება ახალი ადმინისტრაციისგან ასე მთლად არ ჰქონდა მიღებული და ძველი დავალების შესაბამისად მოქმედებდა. ანუ, თეორიულად შეიძლება, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ ყოფილიყო, სხვა ლოგიკური ახსნა არ მაქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, რობინ დანიგანი აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. რობინ დანიგანი განცხადებაში განმარტავს, რომ „მიიღო პირადი გადაწყვეტილება, გავიდეს პენსიაზე და მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები