საქართველოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვანი საკორესპონდენტო ბანკები იწყებენ საქმიანობას
მსოფლიოს პირველი პროგრამირებადი ბანკი „პეივ ბანკ საქართველო“ გლობალურ საკორესპონდენტო საბანკო ქსელს აფართოებს და პარტნიორობას იწყებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ლუქსემბურგისა და თურქეთის წამყვან ბანკებთან.
როგორც „პეივ ბანკში“ აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბანკის ფიზიკური და იურიდიული კლიენტებისთვის სხვადასხვა ვალუტაში გადახდების ეფექტიანი, სწრაფი და დაბალი ფასის მქონე მომსახურების უზრუნველყოფას. ამავე დროს ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონული ფინანსური ჰაბის როლის გაძლიერებას.
მათივე თქმით, მსოფლიოს წამყვან საკორესპონდენტო ბანკებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააფართოებს „პეივ ბანკ საქართველოს“ გლობალურ ქსელს და გააძლიერებს ბანკის შესაძლებლობებს გადარიცხვების მარტივი და გამართული სისტემით მოემსახუროს ბიზნესებსა და ინვესტორებს.
„ბანკის შექმნის დღიდან გვინდოდა, რომ ჩვენი საგადახდო ინფრასტრუქტურა არ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ ერთ პარტნიორზე და შეგვექმნა მრავალფეროვანი, მდგრადი გლობალური ქსელი, რომელიც მჭიდრო პარტნიორობას დაამყარებდა ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, რათა ჩვენი კლიენტებისთვის მოქნილ და გლობალურ საბანკო ქსელზე ხელმისაწვდომობა შეგვეთავაზებინა. მიგვაჩნია, რომ ბიზნესისთვის გადახდების სისწრაფე და სანდოობა გადამწყვეტია“, – აღნიშნა „პეივ ბანკ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა სალიმ დანანიმ.
მისივე თქმით, „პეივ ბანკ საქართველო“ ამჟამად უკვე მუშაობს ორ საკორესპონდენტო ბანკთან აშშ-ში და უკვე დამყარდა ურთიერთობები დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგსა და თურქეთში. ყველა მათგანი მაღალი რეპუტაციის მქონე ფინანსური დაწესებულებაა, რომლებიც ტექნოლოგიურ, შესაბამისობისა და რისკების მართვის მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
სალიმ დანანის განცხადებით, საკორესპონდენტო ბანკებთან დისკუსიების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის ძლიერმა რეპუტაციამ და შეთანხმებულმა რეგულაციურმა სტანდარტებმა მნიშვნელოვნად გაზარდა „პეივ ბანკის“ სანდოობა.
„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა რისკების საფუძვლიანი შეფასებები ჩაატარეს. ევროპის ცენტრალური ბანკის რეგულაციებთან საქართველოს შესაბამისობამ და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მათი ნდობის მოპოვებაში“, – თქვა დანანიმ.
„პეივ ბანკის“ გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მზარდ სავაჭრო, ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად პოზიციონირდება, ამ ტრანსფორმაციის მხარდაჭერაში „პეივ ბანკი“ საკუთარ როლს კრიტიკულად მიიჩნევს.
„ჩვენი მიზანია ყველა ზომის ბიზნესს ეფექტიანი და უსაფრთხო ფინანსური გარემო შევუქმნათ. სავალუტო სერვისებზე, კორპორაციული ხაზინის ინსტრუმენტებსა და გლობალურ საბანკო ინფრასტრუქტურაზე ჩვენი წვდომა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორებისა და საწარმოების წინაშე უფრო მიმზიდველს ხდის“, – აღნიშნავს სალიმ დანანი და დასძენს, რომ ახალ საკორესპონდენტო ბანკებთან პარტნიორობით „პეივ ბანკი“ ქართულ ბიზნესებს საერთაშორისო მასშტაბით გაფართოებაში დაეხმარება, რეგიონში კი მსოფლიო დონის ფინანსურ სერვისებს შემოიტანს.