ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში თბილისის N64 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული თბილისის N64 საჯარო სკოლა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეორე საპრიზო ადგილი თბილისის N161 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილზე კი ფოთის N1 საჯარო სკოლა გავიდა.
„პროექტის ფინალური თამაში დღეს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა და მასში 58 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილებზე გასული სკოლების მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პროექტში წარმატებული ასპარეზობისთვის საჩუქრები გადაეცათ ფინალისტებს შორის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენლებს – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N2 და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლების გუნდებს; საოკუპაციო ხაზთან მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის გუნდს; ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის გუნდს; და მოსწავლეთა ყველაზე მაღალი ჩართულობით გამორჩეული სკოლების – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშისა და სოფელ ალპანის საჯარო სკოლების, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის გუნდებს.
გამარჯვებულები ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დააჯილდოვა.
საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება. 2025 წელს პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 275 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII-XII კლასის 1375 მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.