,,ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გულახდილი ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ ხალხთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ყველაფერი დევს მაგიდაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ სტრატეგიული პარტნიორობა ცალმხრივად შეაჩერა.
„ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, ამან შეიძლება ის სარგებელიც მოიტანოს, რომ ის არაქმედითი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გარკვეულწილად ფურცელზე არსებობდა, ახლა იძლევა შესაძლებლობას ხელახლა დავსხდეთ და შევთანხმდეთ იმ ურთიერთობაზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ამერიკელი, ისე ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ვთქვით თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც იქნება არა ზოგადი ფრაზების, არამედ კონკრეტულად გაწერილი პასუხისმგებლობები ორივე მხარის, სადაც კონკრეტულად იქნება გათვალისწინებული ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესები, ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები, გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელსაც შემდეგ ორივე მხარე კეთილსინდისიერად მიჰყვება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.