ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ერთი წერილის ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის წერილში პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე პირდაპირ საუბარია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ეს დუბლირება წარმოაჩენს ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის დაპირისპირებას

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ პრეზიდენტ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურული, ისე – ღია წერილით.

„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი, ერთი გამოიგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე წერილი შედგენილი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა და ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. სულისკვეთება იყო ერთი და იგივე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები