თამთა მეგრელიშვილი: აქციების ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათივე შვილების სახელით უკეთესი საქართველო სურთ, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!
„ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგენტურის ბრძოლაში „ომს” სახელმწიფოსთან, ორგანიზატორების შვილების ნაცვლად სხვისი შვილები „იწყებენ”, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.
ექსპერტის თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გაანალიზების შემდეგ გაუჩნდა კითხვა – აქციების ორგანიზატორები, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!
თამთა მეგრელიშვილის განცხადებითვე, რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე დგას ის, ვისაც ფულსა და დავალებებს აძლევენ და იმალება, ის ვინც ამ პროცესების ორგანიზატორი და შემკვეთია.
„რას აჩვენებს ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციები, რა იწვევს საზოგადოებრივ პროტესტს, როგორ ვითარდება და რა შედეგები მოაქვს ქუჩის აქციებს, როგორ ერთვებიან პროცესში აქტორები – სამოქალაქო სექტორი, მედია, ოპოზიციური პარტიები?! საინტერესო კითხვაა, თუმცა ამ საკითხის შეფასება რთულია, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” და მისი პოლიტიკური შვილობილების სახით ოპოზიცია არ არსებობს, სამოქალაქო სექტორიც და მედიაც პოლიტიკური მიკერძოების მაღალი ხარისხით მხოლოდ ზემოაღნიშნული ძალის რუპორია და ერთი ქუდის ქვეშ მოქმედი ეს ძალები საქმით საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტურაა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში შეინიშნება აფექტური პოლარიზაცია, რაც იწვევს ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე შეფერხებას.
2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდი, პოლიტიკური ბეწვის ხიდი იყო, რადგან ქართულ სახელმწიფოს ფსიქოპათიური აშლილობის მქონე პრეზიდენტი მართავდა, რომელსაც არ გააჩნდა სახელმწიფოებრიობის განცდა, ადამიანური მორალი და საკუთარ ასოციალურ ბუნებას შენიღბულად, მასზე მორგებული პიარითა და პოლიტიკოსობანას თამაშით მალავდა. მის სინდისზეა პოლიტიკური წარღვნა, რომელიც მან ქართულ სახელმწიფოს და ხალხს მოუწყო.
ყველაზე საჭირო დროს სისხლიან სისტემას დაუპირისპირდა მორალურად გამართული ადამიანი, ძალიან თანმიმდევრული და მყარი ფსიქიკის მქონე ბიძინა ივანიშვილი. “ქართული ოცნების” სახით მან შექმნა ძალა, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე „ნაცმოძრაობასთან” და მთლიან აგენტურასთან სვლა არ წაუგია. ამ გუნდის წიაღშივე შეიქმნა ახალი ძალაც და დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე ორი მყარი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოთამაშეა “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” სახით. ორივე ძალა მტკიცე, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით მიზნად ისახავს ქვეყნის კონსტიტუციური მიზნების შესრულებასა და განხორციელებას.
ზემოაღნიშნულ ძალთა ფონზე, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის პოლიტიკური მეხამრიდია, რა თქმა უნდა, ღია და პირდაპირი შეტევა ხორციელდება ქართულ სახელმწიფოზე.
გარე აქტორების ფულითა და კარნახით 2012 წლიდან დღემდე ქართველ ხალხთან არჩევნებში დამარცხებულმა ძალებმა შექმნეს იარაღი, კანონის მიმართ დაუმორჩილებელი ემოციური ახალგაზრდების სახით და მათ საკუთარი თავის გარდა ყველას წინააღმდეგ იყენებენ.
აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელია და ისინი პირდაპირ ბმაში არიან “ნაცმოძრაობის”, “გვარამია მელიას”, “გახარიას” და “ხაზარაძის” ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.
ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა “ჯენზის”, აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები: “სირცხვილია”, “ფრანკლინის კლუბი”, “მომავლის აკადემია”, “სტუდენტები ევროპული მომავლისათვის”, “მოძრაობა თავისუფლებისათვის”, “ჯიუტი”, “ტალღა”, “ნაბიჯი”, “წერტილი”, “დაფიონი”, რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და აქციის დროს წინა ხაზზე პიროტექნიკითა და მოლოტოვის კოქტეილებით უშვებენ.
არავინ იღებს პასუხისმგებლობას აქციებზე, დაგეშილი ახალგაზრდები კანონთან პირისპირ რჩებიან და აგენტურის მხარდაჭერის ფორმა, მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის დაფარვაა (ამ უკანასკნელს უკვე ვეღარ ანხორციელებენ).
აქციის ორგანიზატორების მიზანია პროცესების იმგვარად მართვა, რომ მოახდინონ “მაიდანიზაცია” და მათი სურვილია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს მსხვერპლი.
ყველანი ვხედავდით, რომ ოპოზიციის სტატუსს ამოფარებული აგენტურული ძალა ახალგაზრდებს პირდაპირ ავალებდა საავტომობილო გზების გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას, საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას, ამარაგებდნენ მათ ე.წ “მოლოტოვის” კოქტეილებით, პიროტექნიკით და სურდათ და დღესაც სურთ მსხვერპლი.
ფაქტია რომ აქციაზე დგას, ის ვისაც ფულსა და დავალებებს აძლევენ და იმალება, ის ვინც ამ პროცესების ორგანიზატორი, შემკვეთი და წამახალისებელია.
ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგენტურის ბრძოლაში “ომს” სახელმწიფოსთან, ორგანიზატორების შვილების ნაცვლად სხვისი შვილები “იწყებენ”.
მოვლენების გაანალიზებით გამიჩნდა კითხვა – ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათივე შვილების სახელით უკეთესი საქართველო სურთ, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!
ნიკა გვარამიას შვილები ამერიკაში გაიზარდნენ. ინგლისური მათი მშობლიური ენაა, ქართულად ვერ საუბრობენ და სანდროს, მის ერთ-ერთ შვილს პროტესტიც აქვს ისაუბროს ქართულად.
ეკა კვესიტაძის შვილმა ანდრიამ, ტაფტის უნივერსიტეტში ბოსტონში მიიღო განათლება;
ვიკა ბუკიას შვილმა – ირინკამ ამერიკაში The Peddie School მიიღო განათლება;
გიგი უგულავას ერთ-ერთი შვილი საფრანგეთში სწავლობს და ცხოვრობს;
ნანუკა ჟორჟოლიანის უფროსი შვილი – მარიამი ნიუ-იორკში, ბარდის კოლეჯში სწავლობდა;
მამუკა ხაზარაძის შვილებიდან – უფროსმა შვილმა ანამ, ლონდონში მიიღო განათლება, მეორე შვილმა ნიკამ შოტლანდიაში ბიზნეს-ფაკულტეტზე ისწავლა. ელენემ ამერიკულ აკადემიაში.
მიხეილ სააკაშვილის უფროსი შვილი ედუარდი, ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში სწავლობდა.
მე საზღვრებს გარეთ განათლების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, კარგი განათლების ფასი ვიცი და დავაფასებ თუ ამ განათლებას ისინი ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოიყენებენ.
აქ საკითხი ამ კუთხით არ დგას, აქ დასაფიქრებელია ერთი რამ – დააკვირდით დესტრუქციული პროცესების არცერთი ლიდერი საკუთარ შვილს სახელმწიფოსა და პოლიციის წინააღმდეგ არ იყენებს.
არცერთი ლიდერის, ორგანიზატორის შვილს არ უსვრია პიროტექნიკა და ბლაგვი საგნები პოლიციის მისამართით, არცერთი მათგანი არ დამდგარა საკანონმდებლო ორგანოს კართან მასში უკანონოდ შეღწევის მიზნით.
დავიჯერო ამ ახალგაზრდებს მათი თანატოლებივით “რაინდული” სულისკვეთება არ აქვთ?! ანდა სულ მცირე მათი ამგვარი ქმედებები საკუთარ თავთან მაინც არ გამართლდება პოლიტიკოსი მამის, დედის პოლიტიკური ინტერესებით?!
აქ ორი ვარიანტია – ისინი ან იაზრებენ, რომ მათი პოლიტიკოსი მშობლების ინტერესები გარედანაა დაკვეთილი და ნაკვები ფულით და მორიდებით ამაზე დუმილს არჩევენ, ან ზუსტად იციან, რა შედეგები მოაქვს სახელმწიფოსთან და კანონთან თამაშს და არ სურთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დაიზიანონ მომავალი.
ანუ რა გამოდის?! მათი პოლიტიკოსი (აგენტი) მშობლების მიერ მათთვის უკეთესი საქართველოს სახელით დაწყებულ ბრძოლაში სხვისი შვილები იბრძვიან და ესენი საზღვრებს გარეთ აგრძელებენ სწავლასა და ცხოვრებას. გარედან, ტელევიზიით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ითვლიან მისი თანატოლი კანონდამრღვევი ახალგაზრდების თავებს და მოვლენების პასიურ დამკვირვებლებად რჩებიან.
დამკვეთის მიერ ქვეყნის აყირავების ბეჯითი შემსრულებლები სხვის შვილებს კანონის წინააღმდეგ იყენებენ, მათ წინა ხაზზე უშვებენ და ზოგი, დღეს უკვე ციხეშია. ამ დროს მათი შვილები საზღვრებს გარეთ კარგ განათლებას იღებენ და კარგად იციან, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ამგვარი ქმედებები კანონით დასჯადია,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.