ნანა კაკაბაძე Tbilisi open air-ზე მომხდარ ინციდენტზე: რაც უფრო მეტად აიწყვეტენ ამგვარი ქართველი „გმირები“, საზოგადოების რაც უფრო მეტ ნაწილში იქნებიან მისაბაძები, მით უფრო სწრაფად წავა მთელი ქვეყანა დეგრადაციისკენ
ვინმე გეწაძის ლაჩრულ საქციელზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას პასუხმა, უნებლიედ, ირაკლი ოქრუაშვილის გამონათქვამი გაგვახსენა, რომელიც გეწაძის უსაქციელობის მსგავსად, ქვეყნის დამაზიანებელი შინაარსისა იყო და რომელსაც შედეგად, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის 6 წლით გადაკეტვა მოჰყვა, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე, Tbilisi open air-ზე მომხდარ ინციდენტზე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედი, გარედან დაფინანსებული უცხო ქვეყნების აგენტურა და საზოგადოების დეგრადირებული ნაწილი, მართალია მეორე ფრონტის გახსნასა და ბომბების ჩამოცვენას ვერ აღწევენ, მაგრამ ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ჩამოქცევას ხელს უწყობენ.
“გმირობად შერაცხილი ლაჩრობა დღევანდელ საქართველოში
სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ქმედება ითვლებოდა საზოგადოებაში გმირობის გამოვლენად.
ჩვენი წინაპრები გმირულ ქმედებას ყოველთვის სამშობლოსთვის ან სარწმუნოებისთვის თავდადებას უკავშირებდნენ, რადგან მამული და სარწმუნოება გათანაბრებული სიწმინდეები იყო მათთვის. ამიტომაც შემოინახეს ჩვენამდე ქართველი გმირების სახელები, რომელთა დიდი ნაწილი შემდგომში ჩვენმა ეკლესიამ წმინდანებადაც შერაცხა.
ქრისტიანულ სარწმუნოებას შეწირული შუშანიკი, აბო თბილელი, დავით და კონსტანტინე მხეიძეები, დიმიტრი თავდადებული, ქეთევან დედოფალი, სამშობლოსათვის შვილის გამწირავი გიორგი სააკაძე, მტერთან ბრძოლას შეწირული 9 ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველი და სხვები.
მე-20 საუკუნეში გმირობად ითვლებოდა ასევე საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამცველი იუნკრების, მარო მაყაშვილის, ფაშიზმთან ბრძოლებს შეწირული ქართველების ქმედებები.
დღეს შეიძლება ბევრისთვის გაუგებარია, მაგრამ 60-80-იან წლებში გმირობად ითვლებოდა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის გაბედვა თუნდაც ისეთი „მარტივი“ ფორმებით, როგორიც იყო ანტისაბჭოთა ლიტერატურის, პროკლამაციების გავრცელება თუ ფარული შეკრებები, ამიტომაც მხოლოდ ერთეულები ბედავდნენ ამას. შემდეგში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებმაც არაერთი გმირი წარმოაჩინა (მარტო ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის სახელებიც კმარა მაგალითებად).
ამ ფონზე დღეს ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში გმირობად ითვლება ისეთი “ეგზოტიკური” მოქმედებები, როგორიც არის ბილწსიტყვაობა, ქვების და სხვადასხვა საგნების სროლა, საჯაროდ შარვლის ჩახდა და მტრისთვის უკანალების მიშვერა, მტრის დროშის ნაგავში ჩაგდება და მასზე მოშარდვის იმიტაცია. დააკვირდით, საზოგადოების ეს ნაწილი უფრო მეტად აფასებს ასეთი პერფორმანსების მომწყობ კლოუნებს, ვიდრე თუნდაც მართლაც სამშობლოსათვის ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულ გმირებს.
აფხაზეთში წელიწად ნახევრიან ომს შეწირული ახალგაზრდების მიმართ უფრო ხშირად მოისმენთ ათასგვარ შეურაცხმყოფელ ჭორს, ვიდრე მათი თავგანწირვით აღფრთოვანებას. განა არ მოგვისმენია ამ ბრძოლებში დაღუპულთა შესახებ ასეთი საუბრები: „ეგ აფხაზეთში სამშობლოს დასაცავად კი არა, საძარცვავად იყო წასული“ და ა. შ.
შარვალჩახდილი და საჯაროდ დროშაზე მომშარდავი მდაბიონი კი საზოგადოების ამ ნაწილში გმირები და უკვდავები არიან. ეს დეგრადირებული ადამიანები და მათი ფანები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მათმა ასეთმა „გმირობებმა“ ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე ფიქრს გონიერ ქართველს „მშიშრობად“ უთვლიან და ყელყელაობენ, „ჩვენ არ გვეშინია რუსეთის, აბა გაბედონ ჩვენთვის ზიანის მოყენება, მთელი ცივილიზებული მსოფლიო დაგვიცავსო“. მათთვის არც ის არის გაკვეთილი, თუ როგორ “დაიცვა” საქართველო დასავლეთმა 2008 წელს და არც ის, როგორ „იცავს“ უკვე მეოთხე წელია იგივე ცივილიზებული მსოფლიო უკრაინას.
თუმცა, ამგვარად მოაზროვნეთათვის უკრაინის მდგომარეობა საოცნებოც არის, რადგან ის ქვეყანა ყოველდღიური ახალი ამბების სათავეებში და გაზეთების პირველ გვერდებზე ხვდება. და რაც უფრო მეტად აიწყვეტენ ამგვარი ქართველი „გმირები“, საზოგადოების რაც უფრო მეტ ნაწილში იქნებიან მისაბაძები, მით უფრო სწრაფად წავა მთელი ქვეყანა დეგრადაციისკენ.
საქართველოში მოქმედი, გარედან დაფინანსებული უცხო ქვეყნების აგენტურა და საზოგადოების დეგრადირებული ნაწილი, მართალია მეორე ფრონტის გახსნასა და ბომბების ჩამოცვენას ვერ აღწევენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ჩამოქცევისთვის ხელშეწყობას მაინც ახერხებენ.
ვინმე გეწაძის ლაჩრულ საქციელზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას პასუხმა, უნებლიედ ირაკლი ოქრუაშვილის გამონათქვამი გაგვახსენა, რომელიც გეწაძის უსაქციელობის მსგავსად, ქვეყნის დამაზიანებელი შინაარსისა იყო და რომელსაც შედეგად, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის 6 წლით გადაკეტვა მოჰყვა”, – წერს ნანა კაკაბაძე.