„გუგლს“ და „იანდექსს“ რუსეთში გენერალურ პროკურატურაში უჩივლეს
უსაფრთხო ინტერნეტის ლიგამ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურაში „გუგლის“ და „იანდექსის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელი აბორტების რეკლამას უკავშირდება.
„საძიებო სისტემებში „აბორტი“ და „აბორტი მიმართვის დღეს“ რომ შევიყვანოთ, ფეხმძიმობის შეწყვეტის სამედიცინო მომსახურების რეკლამას ამოგვიგდებს. გარდა ამისა, საძიებო სისტემა გვიპოვის ფეხმძიმობის შეწყვეტის სამედიცინო პრეპარატების რეკლამას“, – ამბობს უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის აღმასრულებელი დირექტორი დენის დავიდოვი. დავიდოვის ინფორმაციით, მსგავსი რეკლამების ყველაზე დიდი რაოდენობა საძიებო სისტემა „გუგლში“ აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ნოემბერში რუსეთის „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რის შედეგად საქონლის და მომსახურების სია, რისი რეკლამაც აკრძალულია, გაფართოვდა. ამ სიაში ასევე აბორტის მომსახურებაც შევიდა. კანონდარღვევა 100 000-დან 500 000-მდე რუბლის ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.