მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე – ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით, მტკიცე იქნება და არ დაუშვებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გარკვეული ძალების ინტერესებს ემსხვერპლოს

,,მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე”,- ამის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქართველი ხალხი გარკვეული ძალების ინტერესებს მსხვერპლად შეეწიროს.

„მსურს, დღეს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას, საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს. რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები – სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო. რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. საქართველო, საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო, ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს. ამას ჩვენი ერი ძალიან დიდი სისხლის და მსხვერპლის ფასად აკეთებდა.

მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს. ქართველი ერის სიძლიერის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ძლიერი ოჯახი. გამორჩეულად მყარი ინსტიტუტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ქართველმა ხალხმა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას.

ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა გვმართებს. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის წარმატება, საქართველოს წარმატების ტოლფასია. ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს წარმატება უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატება. სამშობლოზე ზრუნვა მუდამ უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაში. სამშობლო მუდამ თან უნდა გვდევდეს თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები