ირაკლი ალასანიამ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ნაწილები მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ნაწილები მოინახულა. სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერება იყო.
ირაკლი ალასანიამ მონიტორინგი ორხევში, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სტუმრობით დაიწყო. ორხევის ბაზის მონახულების შემდეგ მინისტრმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გადაინაცვლა. სამხედრო ნაწილებში ირაკლი ალასანიამ ყაზარმები და სასადილოები დაათვალიერა.
მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მეთაურებისგან მიიღო. „კრწანისში“ ირაკლი ალასანიამ IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ის სამხედროებიც მოინახულა, რომლებიც ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნებს გადიან.
თავდაცვის მინისტრი ფონიჭალაში დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის 45-ე სატანკო ბატალიონსაც ესტუმრა. ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ, ირაკლი ალასანია პირადად გაეცნო ბაზის კუთვნილი ჯავშანტექნიკის მდგომარეობას და მისი სამომავლო რეაბილიტაციის პერსპექტივები ბატალიონის მეთაურთან განიხილა.
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მონიტორინგი თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებული ბრიგადის კუთვნილი სასწავლო ცენტრი „ნორიოს“ მონახულებით დაასრულა. ირაკლი ალასანიამ ბაზაზე რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა პირადად შეამოწმა. როგორც მონიტორინგის შედეგად გადაწყდა, აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ შენობებს, რომლებიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული მობილური საცხოვრებელი ნაგებობები ჩაანაცვლებს.
ირაკლი ალასანიასთან ერთად, ბაზებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე არსებულ სიტუაციას და სამხედრო მოსამსახურეთა პირობებს მუდმივად ეცნობა. სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.