დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ბიზნეს ლაუნჯით სარგებლობა შეეძლებათ
ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი მოეწყობა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ მოაწერეს. ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის სივრცის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა VISA-მ მიიღო, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში აეროპორტის გაფრენის დარბაზში ბიზნეს ლაუნჯის სივრცე უნდა მოაწყოს და ოპერირებისთვის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვოს.
5 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი გაფორმებული იქნება VISA-ს ბრენდის ფერებითა და კონცეფციით. ბიზნეს ლაუნჯის მართვას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავად განახორციელებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს მოიზიდოს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები, ამავდროულად დააკმაყოფილოს განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნის მქონე მგზავრების სურვილებიც.
თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯი გაფრენის დარბაზში (სარეჟიმო ტერიტორია) პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება და ერთდროულად 70 ადამიანის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.
სივრცეში ძირითადად აქტიური ფერებისა და მშვიდი ხის ტექსტურის შერწყმა იქნება წარმოდგენილი. სივრცე დაყოფილი იქნება რამდენიმე ზონად: მოსასვენებელი, საბავშვო სივრცე, სამუშაო და კვების ზონა, რაც აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობას შესაფერისად.
ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ლოკალურ ნარატივზე იქნება აგებული. კედლებზე წარმოდგენილი იქნება შუქ-პროექციები არგონავტების შესახებ მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.