Wizz Air-ის წარმომადგენელი: საქართველოს ეკონომიკას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ტურისტების შემოდინება კი უწყვეტი ზრდის ტენდენციას აჩვენებს

„მიგვაჩნია, რომ საქართველო მნიშვნელოვნად მზარდი ბაზარია – ეკონომიკას აქ ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ტურისტების შემოდინება კი უწყვეტი ზრდის ტენდენციას აჩვენებს“ – განაცხადა ავიაკომპანია „ვიზეარის“ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის კომერციულმა ოფიცერმა, ანდრაშ ჟაბომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.

ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის აღინიშნა ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ლიონთან, ასევე ფრენები მადრიდთან, ჰამბურგთან და პოლონეთთან, რაც ძალიან დიდ სტიმულს აძლევს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

„Wizz Air მუდმივად ფართოვდება საქართველოს ბაზარზე და ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც უკვე მივაღწიეთ. დღეს ქუთაისის აეროპორტში ოთხი Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით ვართ წარმოდგენილი და მნიშვნელოვან ქსელს ვფარავთ. წელს აღვადგინეთ რეისები მადრიდთან, ჰამბურგთან და დავამატეთ ლიონი, რომელიც ჩვენთვის სრულიად ახალი მარშრუტია. ამასთანავე, უწყვეტად ვზრდით ფრენების სიხშირეს ბაზრების უმეტესობაზე, მაგალითად, პოლონეთი, რომელიც ჩვენთვის ევროპაში ძალიან დიდი ბაზარია, თუმცა დროთა განმავლობაში კიდევ ბევრ ქვეყანასთან ვხედავთ დაკავშირების პოტენციალს და ამ საკითხზე გუნდთან ერთად ვმუშაობთ“, – აღნიშნა ანდრაშ ჟაბომ.

მისივე შეფასებით, კომპანიას აქვს კარგი შესაძლებლობები, რომ რეგიონში და, კერძოდ, საქართველოში გააფართოოს თავისი ქსელები.

„ამ მიზნის მისაღწევად უწყვეტად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ პარტნიორებთან“, – აცხადებს „ვიზეარის“ წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები