ვახტანგ ხუზმიაშვილი აჭარელი სტუდენტების დაკავების საქმეზე: საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო ზაზა მესხი და გამომძიებელი მამუკა მდინარაძე – როდესაც სტუდენტები ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს სახლში, მდინარაძეც დააკავეს და ზაზა მესხიც- მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ეს იყო უკანონობა
„როდესაც რევოლუცია მოხდა, ამის შემდეგ იცით, რომ ბათუმში დაიძაბა სიტუაცია. ასლან აბაშიძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რამდენიმე სტუდენტი, თუ არ ვცდები 5, ჩამოვიდა თბილისში და ხვდებოდნენ მათ თანატოლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ შეხვედრის შემდეგ ეს ხუთივე სტუდენტი დააკავეს“-ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ხუზმიაშვილის თქმით, სტუდენტების დაკავება უსაფუძვლო იყო. ასევე, მისივე განცხადებით, უკანონო იყო მამუკა მდინარაძის, რომელიც მაშინ გამომძიებელი იყო და ზაზა მესხის [საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსი] დაკავებაც, რადგან ისინი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ.
„ოფიციალური ინფორმაციით რის გამო ხდებოდა ამ ადამიანების დაკავება არ მახსოვს, მაგრამ საფუძველი არ არსებობდა. როდესაც სტუდენტები დააკავეს, ძალიან მალევე, საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო მაშინ ზაზა მესხი და გამომძიებელი იყო მამუკა მდინარაძე. როდესაც სტუდენტები ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს სახლში, მდინარაძეც დააკავეს და ზაზა მესხიც. ამაზეც ვკითხულობდით, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღო სამართალდამცველ სტრუქტურებს და არა სამართლებრივი?! მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ეს იყო უკანონობა. მე ვაშუქებდი ამ ამბებს და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არაფერ შუაში იყვნენ ეს ადამიანები, პირნათლად ასრულებდნენ თავის პროფესიულ საქმიანობას“-განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.