ვახტანგ ხუზმიაშვილი: „იბერიას“ პრობლემები დაეწყო 2003 წელს, როდესაც ქვეყანაში მოხდა რევოლუცია – ამასთან ერთად, დაიწყო სატელევიზიო დაჭერები, ადამიანის უფლება თუ რამე შეიძლებოდა დარღვეულიყო, ხდებოდა სწორედ ამ სატელევიზიო დაჭერების დროს
„იბერიას“ პრობლემები დაეწყო 2003 წელს, როდესაც ქვეყანაში მოხდა რევოლუცია”,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
„23 ნოემბრის შემდეგ, როდესაც დაისვა პირველი შეკითხვა ჩვენი ტელეკომპანიიდან, რომ როგორ მოხდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროპორციულ ნაწილში გაუუქმა არჩევნები და მაჟორიტარულ ნაწილში არ გააუქმა, თუ ერთ შემთხვევაში მოხდა გაყალბება, მეორე შემთხვევაში როგორ ჩაითვალა, რომ არ მოხდა გაყალბება, რა თქმა უნდა, ამ შეკითხვაზე პასუხი არ არსებობდა და არც მოსწონდათ ამ შეკითხვაზე რომ მივადგებოდით კონკრეტულ ადრესატს და ვეკითხებოდით, რა მოხდა. ამის შემდეგ სხვა ტელევიზიებში დაიხურა პოლიტიკური ტოქშოუები. პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა უნდოდათ. [ეს ტელეკომპანიები] იყო „პირველი არხი“, „რუსთავი2“, „მზე“, „იმედი“, ერთადერთი გამონაკლისი იყო ტელეკომპანია „იბერია“, სადაც ეს ტოქშოუ მიდიოდა და მიჰყავდა ქალბატონ ლუბა ელიაშვილს. ცოტა ხანში, ლუბა ელიაშვილის საცხოვრებელ ბინაზე მოხდა თავდასხმა. დაცხრილეს მისი საცხოვრებელი ბინა. რა თქმა უნდა, ეს საქმე არ იყო გამოძიებული და ვეკითხებოდით, რა მოხდა, რატომ არ იძიებთ. ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ ვიღებდით და ამასთან ერთად დაიწყო სატელევიზიო დაჭერები. ადამიანის უფლება თუ რამე შეიძლებოდა დარღვეულიყო, ხდებოდა სწორედ ამ სატელევიზიო დაჭერების დროს“-განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.