გიორგი იაკობაშვილი 2003–2012 წლებში არსებულ ვითარებაზე: “კავკასუს ონლაინის” განადგურების მიზნით, “სილქნეტის” და მერიის თანამშრომლები ერთად დადიოდნენ კორპუსების სახურავებზე, მერიის თანამშრომელს ხელში ეკავა ნაჯახი, “სილქნეტის” თანამშრომელი მას ეუბნებოდა, ეს არის “კავკასუსის” კაბელი და ჩაჭერი

“კავკასუს ონლაინს” ინტერნეტ-ბაზრის 80 პროცენტზე მეტი ეკავა. განვითარება სჭირდებოდა, ჭებში კაბელების ჩადება, ეს ჭები იყო ელექტროკავშირის საკუთრება, ელექტროკავშირი იყო ბუნებრივი მონოპოლისტი, შემდეგ ელექტროკავშირი გადაეცა “სილქნეტს” და “კავკასუს ონლაინს” უკანონოდ უთხრეს უარი, რომ ეს კაბელები ჭებში ჩადებულიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, “კავკასუს ონლაინის” მფლობელმა, მამია სანადირაძემ ეს პრობლემა კორპუსიდან კორპუსზე კაბელების გადაყვანით გადაწყვიტა, თუმცა, “სილქნეტის” და მერიის თანამშრომლები “კავკასუსის” კაბელებს ჭრიდნენ, რის შედეგადაც, მოსახლეობას მუდმივი დისკომფორტი ექმნებოდა და კომპანიას მომხმარებლებიც მოაკლდა.

“მამია სანადირაძემ პრობლემა ისე გადაწყვიტა, რომ კორპუსიდან კორპუსზე გადაჰყავდა კაბელები და შეიძინა მომხმარებლები, ბევრი აბონენტი – 80 პროცენტზე მეტი ჰქონდა. ამ დროს, “კავკასუს ონლაინის” განადგურების მიზნით დაიწყო ასეთი რამ: “სილქნეტის” და მერიის თანამშრომლები ერთად დადიოდნენ სახურავებზე, მერიის თანამშრომელს ხელში ეკავა ნაჯახი, “სილქნეტის” თანამშრომელი მას ეუბნებოდა, რომ ეს არის “კავკასუსის” კაბელი და ჩაჭერი – ჩაჭრიდა და იმ კორპუსში, ცხადია, ინტერნეტი ითიშებოდა. კავკასუს ონლაინიდან ჯგუფი ოპერატიულად იგზავნებოდა, კაბელის აღდგენა ხდებოდა, მაგრამ მეორე დღეს ისევ იჭრებოდა. წარმოიდგინეთ, ადამიანები დამოკიდებულები არიან ინტერნეტზე, ზოგისთვის სამსახური იყო და სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ. ამ დროს, როდესაც ინტერნეტი ითიშებოდა, მანქანა შემოვიდოდა კორპუსის ეზოში და მეგაფონით იძახდნენ, რომ ვისაც ხარისხიანი ინტერნეტი უნდა, გადმოდით ჩვენთან – ძირითადად “სილქნეტი” იყო, შეიძლება სხვა კომპანიებიც იყვნენ. [აბონენტების რაოდენობა] 80 პროცენტიდან ასე ჩამოვიდა 70, 65, 60 პროცენტზე. ამის პარალელურად, სანადირაძეს – ოთხი შვილის პატრონს, კარგ ადამიანს, კარგ მეოჯახეს, ოჯახის წევრების ხელყოფით ემუქრებოდნენ. ამ წნეხში რომ მოექცა მამია სანადირაძე, მითხრა, სანამ მთლიანად გაანადგურებენ, ალბათ, ჯობია გავყიდოო. მე ყველაფერი დეტალურად როგორ ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: მამია სანადირაძეს ჰყავდა 20%-იანი ბრიტანელი მეწილე და როდესაც “კავკასუს ონლაინის” გადაცემა თუ გაყიდვა ხდებოდა, 20 პროცენტში ინგლისელს გადაუხადეს 29 მილიონი დოლარი, ხოლო მამია სანადირაძეს 80 პროცენტში გადაუხადეს 13 მილიონი და ისიც არ გადაუხადეს ბოლომდე”, – აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები