გია ბურჯანაძე – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: 2011 წელს მათ ტოტალურ დაშინებას მიაღწიეს; ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, ჩემს ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი, ადამიანებს დახმარების ეშინოდათ, უბრალოდ პური რომ მოეტანათ ჩვენთვის
„ყველას ყველაფრის ეშინოდა. ერთი პერიოდი, 2010-ში ცოტა მინელებული იყო პროცესი 2007- 2009 წლის გამოსვლების შემდეგ და 2011 წელს მათ ტოტალურ დაშინებას მიაღწიეს“, – განაცხადა გია ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, თავისი სამოქალაქო აქტიურობის გამო, მის ახლობლებს ბევრი პრობლემა შეექმნა.
„ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, ჩემს ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი. სამსახურიდან ხსნიდნენ ადამიანს, ხალხს ეშინოდა ტელეფონზე ლაპარაკის. ბიზნესი კი არა, დახმარების ეშინოდათ, უბრალოდ პური რომ მოეტანათ ჩვენთვის. ჩემი მეგობრის მეუღლეს ჩამოართვეს მანქანა იმიტომ, რომ მოდიოდა, მხარს გვიჭერდა. ეს პრეცედენტი შექმნეს, რომ ერთი წელი შემდეგ ჩამკვდარი იყო ყველაფერი საქართველოში. ტოტალური შიში იყო“, – განაცხადა გია ბურჯანაძემ.