15 მაისი ქართული კინოს დღეა
15 მაისი ქართული კინოს დღეა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 1908 წელი ოფიციალურადაა მიჩნეული ქართული კინოს ისტორიის დასაწყისად. სწორედ ამ პერიოდში რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა და ოპერატორმა ალექსანდრე დიღმელოვმა, პირველი დოკუმენტური სიუჟეტები: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით“, „ბაქოს ბაზრები” და „ქუთაისის პეიზაჟები“ გადაიღეს. ფილმები ძირითადად იმდროინდელ მოვლენებს ასახავდა.
1912 წელს ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმის, „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ პრემიერა შედგა.
1916 წელს გერმანე გოგიტიძის თაოსნობით, რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ, ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქრისტინე” გადაიღო.
1918 წელს ბელგიური კინოფირმა „ფილმეს“ მეშვეობით თბილისში დაარსდა პირველი კინოსტუდია. 1923 წელს ამ სტუდიის ბაზაზე დაარსდა „სახკინმრეწვი“. 1928 წელს შეიქმნა კინოქრონიკის სექტორი. ამ პერიოდისთვის საქართველოში უკვე გადაღებული იყო 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმი.
1938 წელს „სახკინმრეწვს“ ეწოდა „თბილისის კინოსტუდია“.1951 წლიდან თბილისის კინოსტუდიამ დაიწყო ფერადი ფილმების წარმოება. 1953 წელს თბილისის კინოსტუდიას ეწოდა „ქართული ფილმი“. 1956 წლიდან, როდესაც საქართველოს ტელევიზიამ დაიწყო მაუწყებლობა, გაიხსნა სატელევიზიო ფილმების სტუდია.
ქართულმა კინომ, 117-წლიანი არსებობის მანძილზე მსოფლიოს თითქმის ყველა კინოფესტივალსა და ფორუმზე არაერთი აღიარება მოიპოვა და უამრავ ქართველ კინორეჟისორსა თუ მსახიობს მოუტანა წარმატება.
ქართული კინოს ისტორიის მანძილზე შექმნილია:
800-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი,
600-ზე მეტი დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული,
500-ზე მეტი ანიმაციური და თოჯინური ფილმი.
„ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ატირება,არც ისე ადვილია“ – ფედერიკო ფელინი.