ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო გარემოსდაცვით ინიციატივას „Rewilding Europe“ შეუერთდა
„Rewilding Europe” ინიციატივის მიზანია, ევროპაში ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენა, ველური ცხოველებისა და მცენარეების დაბრუნება მათ ჰაბიტატებში და ბუნებრივი პროცესების ხელშეწყობა. ინიციატივა შექმნილია ევროპარკების ფედერაციის მხარდაჭერით, – ამის შესახებ ინფორმაციას, დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი, მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესაბამისად, ევროპის გამორჩეულ 10 ეროვნულ პარკს შორის შეირჩა. აღნიშნული დაცული ტერიტორიები გამოირჩევა ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტებითა და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ახალ საერთაშორისო ინიციატივასთან „Rewilding Europe“ შეერთების ფარგლებში ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა და სამუშაო გეგმა შეთანხმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით „Rewilding Europe“-ის წარმომადგენლები იმყოფებიან.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ბესიკ კუსიდთან შეხვედრაზე მხარეებმა განსახორციელებელი ქმედებები, მათ შორის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის ხუთწლიანი კონსერვაციის გეგმის შემუშავების საკითხი და მისი პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, 2015 წლიდან, საქართველოში ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა. 2013 წლიდან კი, ტერიტორიაზე წარმატებით ხორციელდება ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი.