„ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნებზე 30 მანდატი მოიპარა“

„არსებული საარჩევნო სისტემა დღეს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საარჩევნო მანდატები იქურდოს, „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 30 მანდატით იქურდა,- აღნიშნული განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებას მანდატების ქურდობის საშუალებას ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები აძლევს.
„ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 46% მოიპოვა, მანდატების 76 % მიიღო. მე ვსვამ კითხვას, როგორ წაიღო მან 30%? 30 მანდატით მან იქურდა. როცა ასიდან 46 გაძლევს ხმას, და ასიდან 76 მანდატს იღებ, როგორ მოხდა ეს? ეს ყველაფერი გააკეთა სისტემამ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებით, საკმარისია აიღო, მაგალითად, 40% და მთელი 25 -ვე მანდატი, ანუ მაჟორიტარების ასი პროცენტი მიგაქვს, ემატება პროპორციულს და ამ 30 მანდატს დაუმსახურებლად იგებ. სანამ ასეთი სისტემა იქნება, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები ყოველთვის იქნება“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძის თქმით, პრობლემებია უფასო საეთერო დროსთან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, უფასო საეთერო დროსთან მხოლოდ ცალკეული პოლიტიკურ პარტიებს აქვთ წვდომა, დანარჩენები კი უბრალოდ ეთერს ვერ ეკარებიან. კაციტაძეს შენიშვნები აქვს ასევე წინასაარჩვენოდ დროის უსამართლოდ გადანაწილებასთან და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით. მისი განაცხადებით, მანამ, სანამ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხები იქნება, ქვეყანაში საარჩევნო სისტემის კუთხით მუდმივად პრობლემები იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები