კახა კალაძე: “ნაციონალებს“ ქვეყანაში არეულობისა და დაძაბულობის მოწყობა არ გამოუვათ”
სოდ-ის და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულსა და საპარლამენტო უმცირესობასთან ამ დანაშაულის შესაძლო კავშირზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა. როგორც კალაძემ “მაესტროს“ ეთერში განაცხადა, კონკრეტული მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ აქვთ, თუმცა ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურს, მისი თქმით, ეს “ნაციონალური მოძრაობაა“.
“არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში არეულობისა და დაძაბულობის არსებობა აწყობს. მაგრამ დანამდვილებით გეუბნებით, რომ ეს მათ არ გამოუვათ. შემთხვევითი არ არის “თავისუფალი ზონის“ გააქტიურება, ჟურნალისტის ცემის ფაქტი და ის მოვლენები, რაც ამ ფაქტს მოჰყვა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება. მათ განზრახული აქვთ, ქვეყანაში დახატონ სურათი, რომ თითქოსდა ქაოსური სიტუაციაა და კრიმინალი გაზრდილია“, – განაცხადა კახა კალაძემ “მაესტროს“ ეთერში.