ებოლას წინააღმდეგ ბრძოლას ამერიკელები რობოტებით აპირებენ
რობოტი, რომელიც ულტრაიისფერ გამოსხივებას აფრქვევს, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებასთან – ებოლასთან საბრძოლველად გამოიყენონ. კომპანია „Xenex Disinfection”-ი, რომელიც ამერიკის ქალაქ სან-ანტონიოში ოპერირებს, ამერიკის 250 საავადმყოფოში სხვადასხვა ვირუსის და ბაქტერიის გასანეიტრალებლად მუშაობს. კომპანია შევიდა იმ კლინიკაშიც, სადაც ამერიკაში ებოლას ვირუსით დაინფიცირების შედეგად პირველი გარდაცვლილი პაციენტი ერიკ დუნკანი მკურნალობდა. რობოტი, რომლის სახელწოდებაა „Ebolabot“-ი ულტრაიისფერ სხივებს აფრქვევს და პათოგენური ვირუსების და ბაქტერიების დნმ-ს ანადგურებს. რობოტს სულ 5 წუთი სჭირდება, რომ UVС სხივები საავდმყოფოს პალატაში გაავრცელოს და საშიში მიკროორგანიზმები გაანადგუროს.
ულტრაიისფერ გამოსხივებას უკვე ათწლეულებია ჰაერის და წყლის დეზინფექციისთვის იყენებენ, თუმცა აღნიშნული ტექნოლოგიის წინა ვერსიები საკმაოდ ტოქსიკური იყო. ამჯერად კი „Xenex Disinfection“-ი გამოსხივების გენერაციის მიზნით იყენებს უსაფრთხო აირებს, რომლებიც 25 ათასჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე მზისგან მიღებული გამოსხივება. ამგვარად, რობოტებს მიკრობების ძალიან დიდი სპექტრის განეიტრალება შეუძლიათ. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკის თავდაცვის სამინისტროსთან და რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა მათი წარმოებული რობოტები აფრიკაში გაიგზავნოს. ასევე, კომპანია დიდი ავიაკომპანიების თვითმფრინავების დეზინფექციის ჩატარებასაც აპირებს. ბორბლებიანი რობოტი მცირე ზომის ულტრაიისფერი ლამფის მაგვარია და მისი ღირებულება 115 ათასი დოლარია.