გიორგი აბდალაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე: გოკა გაბაშვილის გამო უამრავი ჟურნალისტი დაშავდა, ის კურირებდა ჟურნალისტების ამბავს – არ ეუბნებოდა ჟურნალისტებს, სად შეიძლებოდა წასულიყვნენ, ფუნქცია ჰქონდა – ჟურნალისტებისთვის ეთქვა აქ არ წახვიდეთ, ეს სოფელი დაკავებულია, ან გადამწვარიაო, გათიშული მთვრალი იყო, ენას ვერ აბამდა პირში
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ, 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე ისაუბრა.
აბდალაძის განცხადებით, გოკა გაბაშვილი კურირებდა ჟურნალისტების ამბავს, მას უნდა ეთქვა ჟურნალისტებისთვის თუ სად შეძლებდნენ უსაფრთხო გადაადგილებას, რაც მან ვერ შეასრულა რამდენადაც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც უამრავი ჟურნალისტი დაშავდა.
„გოკა გაბაშვილი კურირებდა ჟურნალისტების ამბავს, თრიალეთის ტელევიზიაში. ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელიც არასდროს არ იხურებოდა. 24 საათი მუშაობდა ოკუპაციის პერიოდშიც კი, გორის ჟურნალისტები ყველა მუშაობდნენ 24 საათის განმავლობაში, ერთი მადლობა არ უთხრეს არცერთს. მით უმეტეს ბრალი დაგვდეს ჩვენ. გოკა გაბაშვილის გამო უამრავი ჟურნალისტი დაშავდა, არ ეუბნებოდა ჟურნალისტებს, რომ სად შეიძლებოდა წასულიყვნენ, ფუნქცია იყო ეგ საგანგებო შტაბი იყო, გოკა გაბაშვილს ჰქონდა ფუნქცია, იმისი, რომ ჟურნალისტებისთვის ეთქვა აქ არ წახვიდეთ, ეს სოფელი დაკავებულია, ან გადამწვარია, გათიშული მთვრალი იყო, ენას ვერ აბამდა პირში“,- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
გიორგი აბდალაძე, ასევე იხსენებს ფაქტებს აგვისტოს ომის დროს ხელისუფლების მიერ მიტოვებულ რეზერვისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე.
„შევესწარით იმას, რომ ტრიბუნებით გარბოდნენ. მე არ ვიცი ნებისმიერს შეგიძლიათ შეეკითხოთ, ალბათ თქვენც გექნებათ შეკითხვა და ნებისმიერ ადამიანს, რომ რეზერვისტებთან მიმართებით მე ამდენი ავტობუსი გორის ცენტრში დაყრილი, ბიჭები გადაღებულიც გვქონდა და სულ მიკვირდა როგორ მიატოვეს ასე, ცხონებული ჩემი ძმა გარდაიცვალა, ისიც რეზერვში იყო. ისე გაიქცნენო, ავტომატი ვის ჩავაბარო არ ვიციო, დაგვყარესო, სკოლაში იყო სადღაც. თქვენ რომ ნახოთ 2008 წლის ფოტოები რა მანქანებით გამოდიოდა ხალხი, წარმოდგენაც არ გექნებათ საერთოდ როგორ შეიძლება დაიქოქოს ის მანქანა. მეუღლეებს ეძებდნენ, ქალბატონი მყავს გადაღებული ჩუსტები ხელში უჭირავს, მორბოდა და ეძებდა საკუთარ მეუღლეს, რომელიც სადღაც მუშაობდა, ვერ პოულობდა თავის სოფლელებს ეკითხებოდა ხომ არ გინახავთო“,- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.