სუს-ი: 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას აქტიურად ცდილობდნენ.
ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები.
“სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტებისას, ასევე, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად გარკვეულ ტექნიკურ ღონისძიებებს ატარებდნენ. დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დაფინანსებას და მითითებებს, ასევე აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე. საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოში ვიზიტად მყოფი პირების გამოყენების მცდელობები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობის განხორციელების ფაქტები, რაც გამოიხატა GPS კოორდინატების დადგენაში, დრონებით ფოტო და ვიდეოგადაღებებში. აღნიშნული კატეგორიის ზოგიერთი პირის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმი”,- წერია ანგარიშში.