აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ლაბორატორია დაათვალიერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ლაბორატორია დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარმა და ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა და საუნივერსიტეტო ცენტრში შექმნილი რეალური, ვირტუალური და დისტანციურად მართვადი ლაბორატორიები დაათვალიერებინა.
ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ ინოვაციურ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და უნივერსიტეტის მეცნიერების მენტორობით განხორციელდა. აღნიშნულ პროექტებში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებთან ერთად ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეები.
„STEM ლაბორატორიები ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და ინოვაციური აზროვნების განვითარების უმნიშვნელოვანესი სივრცეა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ საკუთარი უნარები წარმოაჩინონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, მინისტრის მრჩეველი ნინო ლობჟანიძე, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.