რუსული ძალების მიერ კიევში განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 9 ადამიანი. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ტიმურ ტკაჩენკომ Telegram-ზე განაცხადა.
ტკაჩენკოს თქმით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა სვიატოშინსკის რაიონში ნანგრევებიდან კიდევ ორი ცხედარი ამოიყვანეს, რითაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
„სასწრაფო დახმარების თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს კვლავ აგრძელებენ. ამ დროისთვის 860 კუბური მეტრი სამშენებლო ნარჩენები და ნანგრევებია გაწმენდილი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სამუშაოებს. ყველა საჭირო ტექნიკა მუშაობს. დაზიანება სერიოზულია – როგორც ორსართულიანი შენობისთვის, რომელიც დარტყმის ეპიცენტრი იყო, ასევე ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსებისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერმა, პავლო პეტროვმა.
როგორც მან აღნიშნა, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 80-მდე სასწრაფო დახმარების თანამშრომელია ჩართული.