დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში ნარმანიამ ყურადღება საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და მის გაგრძელებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა, რაც კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც ხაზგასმით არის აღნიშნული.
“საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მეორე ტურმა გამოავლინა. ჩვენი ინიციატივით, როგორც დედაქალაქში, ისე მუნიციპალიტეტებში, 50%-იანი საარჩევნო ბარიერი დაწესდა. არჩევნების მეორე ტური არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს მრავალ მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რაც დემოკრატიულად გამართული არჩევნების მკაფიო და ცალსახა დადასტურებაა. ყველაზე მთავარი მონაპოვარი, რაც 2014 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა მოგვიტანა, პირდაპირი წესით არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებებია. დღეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქს პირდაპირი წესით არჩეული მერი და გამგებელი ჰყავს. ეს კი ნათლად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სწრაფვას, დაამკვიდროს პირდაპირი დემოკრატია ქვეყანაში. სამწუხაროდ, ყველა წინამორბედმა ხელისუფლებამ უარი თქვა ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითობის პრინციპზე და მხოლოდ 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაწყების შემდეგ, გახდა ეს შესაძლებელი,“ – განაცხადა თავის გამოსვლაში ნარმანიამ.
თბილისის მერი 2012 წელს დაწყებულ თვითმმართველობის რეფორმასაც შეეხო. „ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, ვაქციოთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა დემოკრატიული პროცესის ერთ–ერთ ქვაკუთხედად საქართველოში. რეფორმის შედეგად, გაიზარდა და მკაფიოდ ჩამოყალიბდა თვითმმართველობის უფლებამოსილება; აღდგა წინა ხელისუფლების დროს დაკარგული ბალანსი ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსა და აღმასრულებელ რგოლს შორის, დაზუსტდა მათი უფლებამოსილებები და კომპეტენციები; ჩამოყალიბდა 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი. ჯამში, დღეისათვის 12 თვითმმართველი ქალაქია. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე; ვცდილობთ, დავხვეწოთ ქონების გადმოცემის წესი და აღმოვფხვრათ ამ სფეროში ადრე არსებული საკანონმდებლო ვაკუუმი; სულ ახლახან შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სახელმწიფო კომისია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. კომისია თვითმმართველობის შემდგომ გაძლიერებაზე იზრუნებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები