მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მდივანი შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ ოპერატიულ კავშირს, მათ შორის მომავალ კვირას უკრაინულ მხარესთან ამერიკელებისა და ევროპელების მიერ დაგეგმილი შეხვედრების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, აღნიშნული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.
„სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას გადასცა იგივე გზავნილი, რაც აშშ-ის გუნდმა პარიზში უკრაინის დელეგაციას და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს გადასცა: პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს სურთ ამ ომის დასრულება და ყველა მხარეს სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის მონახაზები გააცნო. ამ ჩარჩო დოკუმენტზე პარიზში მსჯელობა აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ყველა მხარე მზად არის შეთანხმების მისაღწევად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.