საქპატენტმა ციფრული ტრანსფორმაციის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია ჟენევაში, WIPO-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე წარადგინა
შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სათავო ოფისში WIPO-ს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმძღვანელობის დიალოგის (WILD) პირველი სესია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ინტელექტუალური საკუთრების უწყებებსა და ორგანიზაციებს შორის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას.
ღონისძიება WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა, დარენ ტანგმა გახსნა. სესიაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: განვითარებადი ტექნოლოგიები – ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები; ციფრული ბიზნესსტრატეგია და საუკეთესო პრაქტიკები; კიბერ მდგრადობა, ტექნოლოგიური ტენდენციების შედეგები; ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტები ინტელექტუალური საკუთრების ბიზნეს გარემოსთვის; განვითარებადი ტექნოლოგიების გავლენა ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემებზე; ასევე, გლობალურ მონაცემთა გაცვლისა და გაზიარების პლატფორმები.
სესიაზე ციფრული ტრანსფორმაციისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაციით წარდგა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო საქპატენტში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროექტები, კერძოდ, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მოდერნიზება, რომელიც ითვალისწინებს ახალი ფუნქციონალებისა და ანალიტიკის დამატებას, მათ შორის, უსაფრთხო და მოქნილი ონლაინ გადახდის მოდულის შექმნას; ოპერაციული სისტემისა და მონაცემთა ბაზების განახლებას; პროცესების სრულყოფილ ავტომატიზაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მონაცემთა მიმოცვლის ფუნქციების გაუმჯობესებას; მონაცემთა დაცვის გაძლიერებულ მექანიზმებსა და ავტორიზაციის სისტემებს. მან ისაუბრა, ასევე, არქივის დიგიტალიზაციის მიმდინარე პროექტის შესახებაც, რომელიც მიზნად ისახავს საქპატენტის დაარსების დღიდან არსებული მატერიალური დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავებას, დიგიტალიზაციასა და საბოლოოდ ერთიანი, სტრუქტურირებული მატერიალური და ელექტრონული არქივის შექმნას.
სესიის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქპატენტის ვებგვერდის ადაპტირების შესახებაც. სალომე ციმაკურიძემ ისაუბრა, აგრეთვე, სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ორიენტირებულია ციფრული ეპოქის გამოწვევებთან საქპატენტის მაქსიმალურ ადაპტირებაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს ციფრული ეკონომიკისა და საჯარო სერვისების ტრანსფორმაციას. ქვეყნის ციფრული განვითარებისა და სისტემების უსაფრთხოების მიზნებისთვის შემუშავებულია საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლებისა და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების 2025-2030 წლების სტრატეგიები. საქპატენტი იზიარებს რა ქვეყნის ციფრული განვითარების პოლიტიკას, შესაბამისად განსაზღვრავს საქმიანობის ციფრული ტრანსფორმაციის დღის წესრიგსაც.