სასამართლომ გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს, დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმის პროკურორის განმარტებით, გივი თარგამაძემ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს. მისივე თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეც.

დაცვის მხარის განცხადებით, გივი თარგამაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე საფუძველს მოკლებულია. მისივე თქმით, თარგამაძეს საზღვრის აქტიური კვეთა საერთოდ არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს. თარგამაძემ სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

კომისია მისგან 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები