გურამ და ეკა გელოვანების ორი დამოუკიდებელი გამოფენა გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გურამ და ეკა გელოვანების ორი დამოუკიდებელი გამოფენა გაიხსნა.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენებზე წარმოდგენილია ორი სხვადასხვა თაობის მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, რაც ქმნის საინტერესო რეტროსპექტივებს.
გურამ გელოვანი მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. აღსანიშნავია იმ ეპოქის მოთხოვნა – წარმოჩენილიყო „ბედნიერი საბჭოთა ყოფის“ ამსახველი თემები, მაგრამ იდეოლოგიური წნეხი უძლურია თავისუფალი შემოქმედის წინაშე და იმ წლებშიც იყვნენ დიდი მხატვრები, რომლებიც განსაკუთრებული აკადემიურობის საფუძველზე ქმნიდნენ შთამბეჭდავ ხელოვნებას.
მისი ნამუშევრები თანადროული ეპოქის ამსახველი სამუზეუმო კლასიკაა.
ეკატერინე გელოვანის პირველი პერსონალური გამოფენა 1987 წელს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.
ეკატერინე გელოვანის ფერწერა ემოციური გამომსახველობით გამოირჩევა, თუმცა, ამავე დროს, სადა, ლაკონიური და ზუსტია. როგორც მხატვარი აღნიშნავს, მისი შემოქმედება ფერის, ფორმის, ხაზის ამოუწურავ საშუალებათა პერსონალური ძიებაა.
მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პორტრეტის ჟანრს.
ეროვნულ გალერეაში ორივე მხატვრის გამოფენა პირველად იმართება.
გურამ და ეკატერინე გელოვანების გამოფენები 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.