“ასხის მთის სულგუნი”, ღვინო “რაჭა” და “ლეჩხუმი” – საქპატენტმა 3 ქართულ პროდუქტს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა
საქპატენტმა 3 ქართულ პროდუქტს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
“საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ 3 უნიკალურ ქართულ პროდუქტს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა. „ასხის მთის სულგუნი” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინო „ლეჩხუმი“ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ხოლო ღვინო „რაჭა”, მევენახეთა ასოციაცია „ხვანჭკარას“ განაცხადის საფუძველზე,” ადგილწარმოშობის დასახელებებად დარეგისტრირდა.
ასხის მთის სულგუნი – ჩედერიზებული ტიპის ყველია, მისი მიკროზონა ასხის მთის ლანდშაფტურ-გეობოტანიკურ არეალს მოიცავს. მის დასამზადებლად გამოყენებული რძე მიიღება, ძირითადად, მეგრული წითელი ჯიშის ძროხის (ან მისი ნაჯვარი) ან მეგრული ჯიშის თხისგან, ბარიდან მთაში ასვლის შემდეგ, მაისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, რა პერიოდშიც ცხოველები იკვებებიან მხოლოდ სუბალპური და ალპური საძოვრის ბალახით.
ღვინო „ლეჩხუმი“ მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი და ქარვისფერი. მიკროზონა მდებარეობს ლეჩხუმში და მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული რიონის, ლაჯანურისა და ცხენისწყლის ხეობების მევენახეობისათვის ხელსაყრელ ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების არეალს. ღვინო „ლეჩხუმი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ შესაბამის მიკროზონაში მოწეული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.
ღვინო „რაჭა” – წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება დამზადდეს მხოლოდ რაჭის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე, ჯამურად, ამავე მიკროზონის კაბისტონის, ძელშავის და საფერავის ჯიშების გამოყენებაც.
დარეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების სპეციფიკაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები ენიჭება განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობის ადგილთან, იქ არსებულ გარემო პირობებთან და, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ წარმოების ტრადიციულ ცოდნასთან, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს თითოეული ასეთი პროდუქტის გამორჩეულობასა და უნიკალურობას.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 42 ადგილწარმოშობის დასახელება და 31 გეოგრაფიული აღნიშვნა. გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს პროდუქტების დაცვასა და კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ქმნის მყარ საფუძველს სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
უახლოეს მომავალში ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, განახლდება შესაბამისი ბაზა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის ხელშეკრულების რეესტრში. ასევე, საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე შესაბამის ზომებს განახორციელებს და ახალ პროდუქტებზე საერთაშორისო დაცვის გასავრცელებლად მიმართავს ევროკავშირს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესაბამისი დანართებით გათვალისწინებული გეოგრაფიული აღნიშვნების განახლების თაობაზე. ასევე, მიმართავს შვეიცარიის კონფედერაციას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთ აღიარებისა და დაცვის შესახებ არსებული შეთანხმებებით გათვალისწინებული გეოგრაფიული აღნიშვნების განახლების თაობაზე”,- წერია ინფორმაციაში.