ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციური სპექტრი ისეთ მდგენელს, ისეთ ჭურჭელს ვერ გვთავაზობს, რომელშიც საზოგადოებრივი უკმაყოფილება ჩაისხმება და ასახვას პოვებს სასურველ შედეგში

“როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ძალისხმევა, მაინც იმ ეტაპამდე მივდივართ, რომ ნებისმიერი პროცესი უნდა გადავიდეს პოლიტიკურ, პარტიულ მდგენელში. სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრი ისეთ მდგენელს, ისეთ ჭურჭელს ვერ გვთავაზობს, რომელშიც საზოგადოებრივი უკმაყოფილება ჩაისხმება და ასახვას პოვებს სასურველ შედეგში”, – ამის შესახებ “ჯეოქეისის” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ”ნაცმოძრაობა” ტოქსიკური დარჩა ოპოზიციაშიც.

“ ბოლოდროინდელი სახელისუფლებო ცვლილებები ძალიან მძიმე მოლოდინს ქმნის. ყველა ხილული თუ უხილავი ნიშანი მიანიშნებს, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განულება ხდება, შეუძლებელია დიალოგი, პარტიებს შორის კონკურენცია, ინსტიტუციების მეშვეობით პოლიტიკის კეთება, სამართლებრივი საშუალებების გამოყენება როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციის მიერ. დღეს უკვე ყველაფერი უსიტყვო, ბრმა მორჩილებამდე დადის. პროცესი ისე ვითარდება, რომ მართვის სისტემა თანდათან დეინტელექტუალიზაციისკენ მიდის, ანუ ინტელექტის, ან ავტონომიურობის, ან პატივმოყვარეობის ნარჩენებისგან თავისუფლდება და გადადის თავისუფალ ცურვაში.

წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრი დამსახურება აქვს, მაგრამ შედეგი მაინც ვერ დადო. ამის მიზეზი დიდწილად დაბალი სანდოობის ოპოზიციური სპექტრია. ერთადერთი, რამაც შეიძლება საპროტესტო მუხტი გააძლიეროს და შედეგიც მივიღოთ, შეიძლება იყოს ციხის შიგნით თვალსაჩინო ბზარების გაჩენა. წინააღმდეგობის მოძრაობას უკვე აქვს ემოციური და ფსიქოლოგიური შედეგი, მაგრამ ახლა საჭიროა მატერიალური შედეგი, ანუ ხელისუფლების იძულება, რომ დათმობაზე წამოიყვანო. საზოგადოების ნდობას ვერ იმსახურებენ ოპოზიციური პარტიების ცალკეული ფუნქციონერები. მეორე მხრივ, დაუსრულებელი იწილო-ბიწილო ოპოზიციურ პარტიებს შორის. ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვა “ლეგიტიმაცია”, რომელსაც ძირითადად ხელისუფლების შესახებ ვიყენებთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს ოპოზიციასაც. ხელისუფლებას ელექტორალური ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ოპოზიციას კი – საზოგადოების ნდობის.

როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ძალისხმევა, მაინც იმ ეტაპამდე მივდივართ, როდესაც ნებისმიერი პროცესი უნდა გადავიდეს პოლიტიკურ, პარტიულ მდგენელში. სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრი ისეთ მდგენელს, ისეთ ჭურჭელს ვერ გვთავაზობს, რომელშიც საზოგადოებრივი უკმაყოფილება ჩაისხმება და ასახვას პოვებს სასურველ შედეგში. ”ნაცმოძრაობა” ტოქსიკური დარჩა ოპოზიციაშიც. შიდა ჰიბრიდული ომისთვის “ოცნება” კარგად იყენებს “ნაციონალების” ამ მანკიერებას. სულაც არ არის შემთხვევითი ტერმინი “კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”. “ნაციონალების” ტოქსიკურობა აზიანებს არა მხოლოდ თავად ამ პოლიტიკურ ძალას, არამედ ყველა იმ სუბიექტს, ვინც მათ გვერდით მოიაზრებიან. მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობა” გადავიდა ოპოზიციაში, ყველაზე სწორი იქნებოდა პარტიის ფუნდამენტური რებრედინგი, მათ შორის, ლიდერისგან უპირობო დისტანცირება. ეს, ალბათ, შეუძლებელია, მაგრამ კიდევ უფრო რადიკალური და შეუძლებელი შეთავაზებაც მაქვს – თვითლიკვიდაცია. იმისათვის, რომ “ოცნებამ” “ნაცმოძრაობა” ვერ გამოიყენოს ოპოზიციის და საპროტესტო მუხტის დისკრედიტაციისთვის, “ნაციონალებმა” თავად უნდა მიიღონ ზომები.

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, უნგრეთში, სერბეთში თუ სხვაგან, ოპოზიციას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც თანამედროვე ტიპის ხელისუფლების დამარცხებას უკავშირდება, ვინაიდან ასეთი ხელისუფლება არ არის დაკავშირებული კონკრეტულ შენობასთან, ინსტიტუციაში ხმათა უმრავლესობასთან. თანამედროვე სამყაროში ხელისუფლება იმდენად ამორფული გახდა, იმდენი ხილული თუ უხილავი საცეცები აქვს, რომ მისი წაქცევა ძალზე ძნელია ნებისმიერ ქვეყანაში. 2003 წელს რევოლუცია უკავშირდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზს და იმას, რაც იქ მოხდა. დღეს ხელისუფლების შენარჩუნება არც კონკრეტულ შენობაზეა დამოკიდებული და არც კონკრეტულ ინსტიტუციაზე. გაცილებით მრავალ სცეციანი და ამავე დროს გაცილებით უხილავია. აქ მოიაზრება მედიის კომპონენტიც, ბიზნესიც და დანაშაულებრივი სამყაროც კი. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ისეთი ცნებები, როგორიც არის დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანების უფლებების დაცვა აღარ ატარებს ისეთ დატვირთვას, როგორსაც 90-იან წლებში, ან თუნდაც 2000-იანი წლების დამდეგს. დღეს ინტერესები იმდენად პრევალირებს ამ ფასეულობებზე, რომ ოპოზიციის ლიდერებმა აღარ იციან, რა ლოზუნგი აიტაცონ და რა ტიპის მესიჯბოქსი ჩამოაყალიბონ. ხელისუფლებისგან “ნაცმოძრაობის” აკრძალვის ინიციატივა არის საკანონმდებლო ავტორიტარიზმის გზით პოლიტიკური პროცესის ჩაკვლის მცდელობა. როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ინიციატივას? ამის პასუხად გამოდგება მამუკა მდინარაძის პრესკონფერენციაზე ნათქვამი ერთ-ერთი ფრაზა, ჩვენი ინიციატივა შეიძლება გახდეს შესაძლებლობა პატრიოტული და ჯანსაღი, ახალი ძალების აღმოსაცენებლადო. ეს ნიშნავს, რომ “ოცნებასთან” ერთად ოპოზიციური ნიშნის მქონე პარტიებიც იარსებებენ, რომლებიც ერთი ცენტრიდან იქნებიან მართული. მართალია, ეს მრავალპარტიულობის იმიტაციას შექმნის, მაგრამ ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. გამოსავალია ახალი, განახლებული პოლიტიკური ძალის გაერთიანების სტრუქტურა, პლატფორმა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, რომ მარტო საპროტესტო მუხტი კი არ გააძლიეროს, არამედ ქვეყნის განვითარების გზაზე იმედი და პერსპექტივა გააჩინოს. ჩვენ ხომ მარტო არსებულის დემონტაჟზე არ ვსაუბრობთ, ჩვენთვის გაცილებით რთული გამოწვევა იქნება, ამ დემონტაჟის ან თვით დემონტაჟის შემდეგ რა მოხდება შემდეგ თავში, რომელიც უფრო რთულია, რადგან ის სახელმწიფოს ფეხზე დადგომას უკავშირდება და იმ რესურსით, რასაც ახლა ვხედავთ, მოსახლეობის დიდ ნაწილს სკეპტიციზმის თავისი დოზა აქვს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაში ჩვენს მონაწილეობას, შეუძლებელია საქვეყნო საქმის კეთების სურვილი არ გქონდეს, ამიტომ ჩვენს ანალიტიკურ ცენტრს ამის სურვილი და მზაობა აქვს, რესურსიც და შესაძლებლობაც. უბრალოდ, არ მინდა ისე გამოვიდეს, როდესაც არსებულ მოთამაშეებს ექსკლუზივად აქვთ პოლიტიკური ველი დაკავებული, ჩვენ ამ ჭიდილში დავხარჯოთ ძვირფასი დრო და რესურსი. როდესაც ვსაუბრობთ ქართული საზოგადოების დაკვეთაზე, ჩვენ ახლის მოლოდინი გვაქვს და არა განახლებულზე ან შეზავებულზე, გადაადგილებულზე ან ჩანაცვლებულზე. აქვე აუცილებლად მინდა ერთი შენიშვნის გაკეთება – სალომე ზურაბიშვილს ნუ ავკიდებთ იმაზე დიდ ტვირთს, ვიდრე ტარება შეუძლია. ქალბატონი სალომეს როლი ჯერ კიდევ არ არის გაფერმკრთალებული. წამმზომი უკვე ჩართულია, ორბელიანების სასახლის ეფექტი მან უკან მოიტოვა. ამ ეფექტში საგარეო ასპარეზზე ზურაბიშვილის მაღალ რენომესა და კაპიტალსაც ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ არსებული კაპიტალი ასიმეტრიულია, განსხვავებით ქვეყანაში არსებული კაპიტალისგან, რაც იმით არის განპირობებული, რომ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, რომელ ჯგუფს დაეყრდნოს, და მაინც ძველ ფიგურანტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს.

ძველ ფიგურანტებზე საუბრისას კი ოპოზიციასთან დაკავშირებული დელეგიტიმაციის პრობლემა იჩენს თავს. ამდენად, ვფიქრობ, ზურაბიშვილს მოუწევს გადაწყვიტოს, ვისთან მუშაობა უფრო შედეგიანი იქნება. |ქართული ოცნება” არ არის კლასიკური პოლიტიკური პარტია. ეს არის გარკვეული ინტერესებით შეკრული ჯგუფი ანუ პარტიული სინდიკატი. იმისათვის, რომ ამ ჯგუფმა ნაბიჯი გადადგას მოლაპარაკებისკენ, რაღაცამ უნდა აიძულოს, ეს რაღაც კი შეიძლება იყოს წინააღმდეგობის მოძრაობის მაღალი ხარისხის წნეხი.

რაც შეეხება კითხვას, უნდა გამოიყენოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა? – ჩემი მოსაზრებით, ოპოზიციამ უარი არ უნდა თქვას. ეს არანაირად არ ასუსტებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. რაც შეეხება სტრატეგიულ თვალსაზრისს, ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ დედაქალაქში, ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებში, მეტწილად ოპოზიციური განწყობაა, ამიტომ ვფიქრობ, ბრძოლას არ უნდა განვერიდოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ იქ, სადაც შესაძლებელია. მე “ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების ხელიდან გეგმაზომიერად გამოგლეჯა უფრო სწორ ტაქტად მიმაჩნია, ვიდრე პირველ ჩვენებაზე დარჩენა, რომ ყველაფერი ახლა, ამ წუთში გვინდა”,- განაცხადა ყიფიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები