თინათინ რუხაძემ მთაწმინდის პანთეონში ანზორ ერქომაიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ფოლკლორისტის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრების, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მთაწმინდის პანთეონში მომღერლის, ლოტბარისა და კომპოზიტორის საფლავი ყვავილებით შეამკო.
„ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელმა ანზორ ერქომაიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ჩაწერა, გაშიფრა და გამოსცა გურული ხალხური სიმღერები; მიაკვლია, შეისწავლა და რესტავრაცია ჩაუტარა 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტ ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას; მოიძია და გამოსცა მსოფლიოს სხვადასხვა არქივში დაცული ქართული სიმღერების ჩანაწერები; აღმოაჩინა ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერების დედნები, რომელთა მეშვეობით მოხერხდა მომღერლის პირვანდელი ხმის სრულყოფილად აღდგენა; ასევე, მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები და მათი შესრულებით 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა.
ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი ეროვნული კულტურის შესახებ „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“. მისი ინიციატივითა და UNESCO-ს ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.
2021 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები