შემთხვევითი აღმოჩენა 1945 წელს — როგორია მიკროტალღური ღუმელის ისტორია
დღეს მიკროტალღური ღუმელი, თითქმის, ყველა სამზარეულოშია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს გამოგონება შემთხვევით აღმოაჩინეს. ყველაფერი 1945 წელს დაიწყო, როდესაც ინჟინერი პერსი სპენსერი კომპანია „Raytheon-ში“ მუშაობდა და რადარის ტექნოლოგიებს იკვლევდა.
ერთ დღეს, როდესაც სპენსერი მაგნეტრონთან – მოწყობილობასთან, რომელიც მიკროტალღებს გამოყოფს – ექსპერიმენტებს ატარებდა, შეამჩნია, რომ ჯიბეში ჩადებული შოკოლადის ფილა დაუდნა. თავიდან იფიქრა, რომ უბრალოდ სიცხის ბრალი იყო, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ ეს მოვლენა მაგნეტრონიდან გამომავალი მიკროტალღებით იყო გამოწვეული.
სპენსერმა გადაწყვიტა გაეგო, შეიძლებოდა თუ არა მიკროტალღებით საკვების გაცხელება. მან მაგნეტრონის წინ მოათავსა სიმინდი და რამდენიმე წუთში დაინახა, რომ მარცვლები პოპკორნად გადაიქცა. შემდეგი ექსპერიმენტი კვერცხით ჩაატარა – კვერცხი სწრაფად გაცხელდა და საბოლოოდ, გასკდა. ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ მიკროტალღები საკვების მოლეკულებში ენერგიას ავრცელებდნენ და მათ სწრაფად აცხელებდნენ.
სპენსერის აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია და 1947 წელს კომპანია „Raytheon-მა“ გამოუშვა პირველი მიკროტალღური ღუმელი, რომელსაც „Radarange“ დაარქვა. თუმცა, ეს მოწყობილობა 1.8 მეტრი სიმაღლის იყო და 340 კილოგრამს იწონიდა. მისი ფასი 5,000 დოლარს აღწევდა (დღევანდელი კურსით, დაახლოებით, 60,000 დოლარს), ამიტომ იგი მხოლოდ რესტორნებსა და სამხედრო ბაზებზე გამოიყენებოდა.
პირველი კომპაქტური და ხელმისაწვდომი მიკროტალღური ღუმელი 1967 წელს გამოჩნდა. ის გაცილებით პატარა იყო და დაახლოებით, 500 დოლარი ღირდა, რაც იმ დროისთვის მაინც ძვირი სიამოვნება გახლდათ. თუმცა, მისი პოპულარობა სწრაფად გაიზარდა და 1970-იანი წლებისთვის უკვე მილიონობით ოჯახში გამოჩნდა.
პერსი სპენსერის შემთხვევითმა აღმოჩენამ სამზარეულოს ტექნოლოგია რადიკალურად შეცვალა. დღეს მიკროტალღური ღუმელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საყოფაცხოვრებო მოწყობილობაა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. თუმცა, ყველაფერი უბრალო შოკოლადის ფილით დაიწყო – რომელიც მეცნიერის ჯიბეში დადნა.