ლევან დავითაშვილი: „ბრიტიშ ეარვეისის” შემოსვლით ლონდონთან პირდაპირი ფრენების დაწყება საქართველოს ავიაციის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა”
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანური ავიაკომპანიის British Airways – ის ავიამიმართულებების განვითარების დირექტორს რეიჩელ რაილს, ქსელის დაგეგმარების უფროს მენეჯერს სემ ქეპრონს და ავიაკომპანიის სხვა პასუხისმგებელ პირებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი – გივი დავითაშვილი და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბრიტანეთის ფლაგმანური ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ჩვენს ქვეყანას და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს და განსაკუთრებით შეუწყობს ხელს თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ტურიზმსა და ავიაციაში.
„საქართველოს ავიაციის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ცნობილი ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნდა უკვე გრძელვადიანი გეგმებით, რომელიც მთავრობასთან ერთად არის კოორდინირებული. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბრიტიშ ეარვეისის” საქართველოში შემოსვლა, რადგან, ლონდონთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება ფრენები, რაც, ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, ასევე შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტი ინვესტორი ჩამოვიდეს ქვეყანაში” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსაყვანად.
„გავაფორმეთ რამდენიმეწლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურიზმის განვითარებას, ახალი ნაკადების შემოყვანას, ასევე ზოგადად მობილობის ზრდას, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის” – განაცხადა მინისტრმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, გაერთიანებული სამეფო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი საქართველოში და ლონდონი, როგორც საფინანსო ცენტრი, არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლოს დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკასთან. აქედან გამომდინარე, მინისტრის აზრით, პირდაპირი ფრენები ლონდონთან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა – გარდა ტურიზმისა, ის ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს კომპონენტს მოიცავს და პირდაპირი ვიზიტები აღარ იქნება ბარიერი, რადგან ბიზნესსაზოგადოების მხრიდან ხშირად ისმოდა, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის იყო საკმაოდ რთული და ეს იყო მათი საინვესტიციო გადაწყვეტილებების დამაბრკოლებელი ფაქტორი.
„ამავე დროს, ვფიქრობ, ამ ფრენების დაწყებით გამარტივდება დაკავშირება აშშ-სთან, ამაზეც იყო საუბარი – ამერიკის ავიახაზებთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ბრიტანეთის ავიახაზებს და ფაქტიურად, მოიაზრება ახალი სატრანზიტო ხაზის გაჩენა აშშ-ს მიმართულებით უკვე ლონდონის გავლით” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიტანულმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი დღეს განახორციელა. British Airways-ი ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.