შსს – ელენე ხოშტარიას დაკავებაზე: დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა,“- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

„იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 -ით რეგულირდება.

პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.

აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები