ნანა კაკაბაძე: სააკაშვილი და მისი რეჟიმი იყო საქართველოში დანიშნული გარედან არა იმიტომ, რომ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ეზრუნათ, არამედ ეზრუნათ სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა „იმედის” ეთერში შეაფასა.

მისი შეფასებით, სააკაშვილი და მისი რეჟიმი იყო საქართველოში დანიშნული გარედან არა იმიტომ, რომ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ეზრუნათ, არამედ ეზრუნათ სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის.

„ჩემთვის, დღევანდელი სხდომის ყველაზე საინტერესო მომენტი იყო ყურაშვილის ჩვენების ის ეპიზოდი, როდესაც მას კითხვებს უსვამდნენ გორში, სააკაშვილის ვიზიტის დროს მათი შეხვედრის შესახებ. ყურაშვილი იყო გენერალი და მის ფუნქციებში შედიოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. კომისიის წევრებმა მას ჰკითხეს, მიაწოდა თუ არა ინფორმაცია პრეზიდენტს, რომ მოსახლეობა სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო, რომ ომი მიმდინარეობდა და ევაკუაცია საჭირო იყო. ამაზე ყურაშვილის პასუხი იყო – არა. მან განმარტა, რომ იქ იყო სხვა გარემოება, რომლის გამო პრეზიდენტს ეს კითხვა ვერ დავუსვიო. ომის დროს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლებოდა ყოფილიყო?! მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი არ აღელვებდა იმ სამხედრო პირს, გენერალს, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ამ პასუხის მოსმენა იყო კატასტროფული, მაგრამ უფრო კატასტროფულია ის, რომ თვითონ პრეზიდენტი არ დაინტერესდა მშვიდობიანი მოსახლეობით.

დაიდო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება – ომის დროს არავის აინტერესებდა ქართველი ხალხის, ამ ნაწილის ბედი. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ომი დაიწყო იმის გამო, რომ ვინმეს ტერიტორიული მთლიანობა აინტერესებდა. როდესაც შენ არ გაინტერესებს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ბედი და მდგომარეობა, მაშინ როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ შენ ამ ტერიტორიების ბედი გაინტერესებს.

ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი იყო საქართველოში დანიშნული გარედან არა იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ეზრუნათ, არამედ ეზრუნათ სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, თეორიულად ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ დღეს ეს კომისია დებს მტკიცებულებას, რომ ეს ასე იყო და ამას ალაპარაკებს იმ ადამიანებს, რომლებიც ომის პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართულები“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები