პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას გაერთიანებული შტაბების ყოფილ ხელმძღვანელ ზაზა გოგავას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
სოზარ სუბარის კითხვები შეეხებოდა კოდორის ხეობიდან ჯარის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილის გამოყვანას, თუ ვის მიერ იქნა ბრძანება გაცემული, რაზეც გოგავამ უპასუხა: „ მე გავეცი“.
კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა კოდორის მოსახლეობის გაფრთხილება გოგავამ განაცხადა, რომ ვერ შეძლო გაფრთხილება.
„ვერ გავაკეთე და იმიტომ, ვერ შევძელი, არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენი,“-უპასუხა ზაზა გოგავამ.